თსსუ–ში სალექციო კურსს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მოწვეული პედაგოგები წაიკითხავენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ჰარვარდის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. რებეკა კიმი (Rebekah kim), ჯეიმს ლიი (James Lee) და  ჯაე ჩოე (Jae Choe) დაინტერესდნენ თსსუ–ის სწავლების მეთოდებითა და ტრადიციებით. როგორც აღნიშნეს, მათთვის საინტერესოა თსსუ–ში მუშაობა და იმ პრაქტიკული კურსის წაკითხვა, რაც აპრობირებული და შედეგიანია ჰარვარდის უნივერსიტეტში.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლელა მასხულია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი.

მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესება ორმხრივი იყო. უკვე გადაიდგა კიდეც შესაბამისი ნაბიჯები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის

რეაბილიტაციურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ფიზიკური მედიცინის მიმართულებაზე მოიწვიეს ჯეიმს ლიი და ჯაე ჩოე. ისინი 2014 წლის მარტიდან წაიკითხავენ კურსს „ფიზიკური რეაბილიტაცია და კლინიკური პრაქტიკა“, „ტკივილის მართვის მენეჯმენტი“  და „ცერებრული დამბლის რეაბილიტაციის ძირითადი პრინციპები“.

როგორც პროფესორმა ია ავალიანმა აღნიშნა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესურის

გამოცდილების გაზიარება. ეს როგორც სტუდენტებისთვისაა საჭირო,  ისე უნივერსიტეტისთვისაც, სწავლების  ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით. თსსუ–სთვის პატივია ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგებთან თანამშრომლობა.

მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ჯეიმს ლიის და ჯაე ჩოეს სალექციო–პრაქტიკული კურსი ელექტიურ საგნად მედიცინის ფაკულტეტზეც ჩატარდება. ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგთა გამოცდილებას სიამოვნებით გაეცნობიან მომავალი ექიმები.