უფასო ვაქცინაცია თსსუ–ის სტუდენტი გოგონებისთვის

 

2014 წლის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. თემა ეხებოდა საშვილოსნოს ყელის, ვულვის და ვაგინის კიბოს, ასევე გენიტალური კონდილომების პრობლემებთან დაკავშირებულ  თანამედროვე პრევენციულ ღონისძიებებსა და ვაქცინაციის მნიშვნელობას. სტუდენტებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დალი ბერაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბიძინა ზურაშვილი და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლელა მასხულია.  როგორც პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა თქვა, მსგავსი ლექცია–შეხვედრები ძალიან კარგ შედეგს იძლევა არა მარტო ინფორმირებულობის თვალსაზრისით, არამედ ცოდნის გაღრმავების კუთხითაც. თუმცა  მთავარი, რაც სტუდენტებს შეუძლიათ ამ შეხვედრის შემდეგ მიიღონ, ეს უფასო ვაქცინაციაა, რომლის ჩატარების შემდეგაც დაცული იქნებიან პაპილომა ვირუსისაგან, შესაბამისად საშვილოსნოს ყელის, ვულვის და ვაგინის კიბოს, ასევე გენიტალური კონდილომების პრობლემებისაგან.

სტუდენტებს ესაუბრნენ ფარმაცევტული კომპანია MSD–ის წარმომადგენელი ნანა კახიძე, ფარმაცევტული კომპანია GPC–ის წარმომადგენელი ირმა ზივზივაძე, ექსპრეს კლინიკის წარმომადგენელი ირმა ჟღენტი. უჩვენეს დოკუმენტური ფილმები, გააცნეს სტატისტიკა. დადგენილია, რომ მსოფლიოში ყოველდღე 685 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი.  ამდენად პრობლემა ძალიან სერიოზულია და რეალური პრევენციული ზომების მიღებისთვის განგვაწყობს.

     

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ონკოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა რემა ღვამიჩავამ აუდიტორიას განუცხადა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ატარებენ. დამტკიცებულია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს 80%–ზე მეტს ადამიანის პაპილომა ვირუსი განაპირობებს. მსოფლიო ეძებს გზებს ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყოველ მეათე ქალს შესაძლოა, შეხვდეს ეს ვირუსი და მის მატარებლად იქცეს. გადაცემა მხოლოდ სქესობრივი გზით ხდება. თუ გოგონა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე აიცრება, შემდეგ მას აღარ დაემუქრება პაპილომა ვირუსით დასნებოვნება. მსოფლიოში არსებობს ორი პროფილაქტიკური ვაქცინა, ამერიკული და ბრიტანული. საქართველოში ამერიკელი მეგობრების დახმარებით შემოტანილი გვაქვს ამერიკული ვაქცინა „გარდასილი“. 2010 წლიდან უკვე აცრილია 5000–მდე გოგონა. ვაქცინების რაოდენობა შეზღუდულია (სულ 6400 გოგონას ასაცრელი ვაქცინა იყო შემოტანილი), ამიტომ გვინდა შანსი მივცეთ პირველ რიგში სწორედ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, როგორც მეტად გათვითცნობიერებულ კონტიგენტს, ინფორმირებული თანხმობის შემდეგ აიცრან უფასოდ „გარდასილით“. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინა საკმაოდ ძვირი გახლავთ და შედეგის მისაღებად სამჯერადი აცრაა საჭირო, რაც სერიოზულ მატერიალურ სახსრებს საჭიროებს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედმა ამ ვაქცინაციის პროგრამამ ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაციისაგან ევროპარლამენტის სესიაზე მიიღო ჯილდო „სიბრძნის მარგალიტი“.

ვაქცინაციის მსურველი სტუდენტი გოგონების რეგისტრაცია დაიწყება ხუთშაბათს, 20 მარტს. ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუდენტურ თვითმმართველობას და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.