თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

 

2014 წლის 2-7 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია და სტომატოლოგიის ფაკულტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე  სამუშაო ვიზიტით  დიდ ბრიტანეთში, ლიდსის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი იყო ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) შემფასებლების ტრენინგზე დასწრება და ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად მომავალი ერთობლივი პროექტის დაგეგმვა. 

ვიზიტი მეტად ნაყოფიერი იყო: დელეგაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ OSCE-ის გამომცდელთა ტრენინგში და დისკუსიაში. ტრენინგის შემდგომ მათ გადაეცათ სერტიფიკატი, რომელიც უფლებას აძლევს, ჩაატარონ ტრენინგები სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში როგორც ექსპერტებმა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.

პროფესორი მარინა მამალაძე შეხვდა ლიდსის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს; მათ ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება სტომატოლოგიის სწავლებაში და იმსჯელეს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 

 

თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა და ლიდსის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დეტალურად განიხილეს მომავალი ერთობლივი პროექტის ძირითადი საკითხები; ეს პროექტი ამჟამად უნივერსიტეტში მიმდინარე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტ MUMEENA-ს გაგრძელებად მოიაზრება. განხილვაში მონაწილეობდა MUMEENA-ს პროექტის კოორდინატორი, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის პრეზიდენტი, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ტრუდი რობერტსი. 

ვიზიტი დაემთხვა ლიდსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ახლად არჩეული დეკანის, პროფესორ პოლ სტიუარტის ინაუგურაციას. დელეგაციის წევრები დაესწრნენ მის საინაუგურაციო ლექციას და მიულოცეს მას საპატიო თანამდებობაზე არჩევა. ახალმა დეკანმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა.