გერმანიის საელჩოს ინტერნეტგამოცემა თსსუ–სა და კოხ–მეჩნიკოვის ფორუმის თანამშრომლობის შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქართველოში გერმანიის საელჩოს ყოველთვიური ინტერნეტგამოცემის მაისის ნომერში გამოქვეყნებულია პროფესორების: მანანა ქუთელიასა და ტიმო ულრიხსის სტატია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კოხ-მეჩნიკოვის  ფორუმის თანამშრომლობის ფარგლებში  სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შესახებ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის პარტნიორობის ფარგლებში, თსსუ-ის ოთხი სტუდენტი თებერვალ-მარტში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ბერლინის საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში.

კოხ-მეჩნიკოვის ფორუმმა ექსპერტებთან და ინსტიტუტებთან  თავისი მრავალრიცხოვანი კონტაქტის საშუალებით შეძლო, გაეთვალისწინებინა თითოეული სტუდენტის ინტერესი: ისინი გაეცნენ ქირურგიული (გერმანიის გულის ცენტრში) და ფსიქიატრიული განყოფილებების მუშაობას და ტუბერკულოზის კონტროლის დაწესებულებებს ბერლინში: დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას DRK-ს კლინიკებში, რობერტ-კოხის ინსტიტუტსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ინსტიტუციებში.

პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია თსსუ–ის საპატიო დოქტორმა, ბატონმა პროპსტერმა, რომელიც ამჟამად ასევე ეხმარება თსსუ-ს ახალი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობაში. სტუდენტთა მომდევნო შემადგენლობა ბერლინს აგვისტო/სექტემბერში ეწვევა.

გაცვლითი პროგრამა ემსახურება სტუდენტების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე ექიმ-სპეციალისტთა გაცვლითი პროგრამის მომზადებას. ექიმ-სპეციალისტთა დიპლომისშემდგომი განათლების მიღების საშუალება საქართველოში, ადგილების დეფიციტის გამო, შეზღუდულია, გერმანიაში კი  მათზე მოთხოვნა, ექიმთა ნაკლებობის გამო, ძალზე დიდია. ამიტომ თსსუ-ის გამორჩეულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, პრაქტიკა გაიარონ გერმანიის საავადმყოფოებში, სრულყონ და დაასრულონ თავისი პროფესიული განათლება და მიღებული კვალიფიკაციით საბოლოოდ საქართველოს საავადმყოფოებში იმუშაონ.

ამის გარდა, თსსუ და კოხ-მეჩნიკოვის ფორუმი, ჰუმანიტარული მეცნიერებების Akkon-ის უმაღლეს სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავენ Public health-ის დარგში დააფუძნონ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა.