„ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ – პრემიერა თეატრ „ჰიგიაში“

 

2014 წლის 21 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დრამატულმა თეატრმა „ჰიგიამ“ პრემიერა წარმოადგინა – შადიმან შამანაძის პიესა „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“.

დარბაზში მაყურებლების ტევა არ იყო. სპექტაკლს ესწრებოდა თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სამედიცინო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები, თეატრ „ჰიგიას“ გულშემატკივრები სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან.

სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი 2001 წელს დაარსდა და მოახერხა საკუთარი ხელწერისა დახვეწილი პროფესიონალური თვისებების შეძენა. მისი ისტორია უკვე ორ ათეულ სპექტაკლს ითვლის. უკანასკნელმა პრემიერამაც ცხადყო, რომ მსახიობები – თსსუ–ის სტუდენტები: რუსკა ყურუა, ნათია ინალიშვილი, მარიამ ქუტიძე, ნინო აბშილავა, ანა ხიდეშელი, თამაზ თამაზაშვილი და ალექსანდრე შენგელია თავისი სამსახიობო მეტყველებით, მოძრაობით, როლის სრულყოფილი წარმოდგენით არ ჩამოუვარდებიან  პროფესიონალ მსახიობებს.

თეატრ "ჰიგიას" რეჟისორი ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნათია გუჯაბიძე გახლავთ. ახალი სპექტაკლით მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სულიერად გაუხეშებულ სამყაროზე, იმ სისასტიკეზე, რომელსაც ადამიანები იშვიათად არქმევენ თავის სახელს, მარტოობასა და სასოწარკვეთაზე, რაც  XXI საუკუნის დასაწყისის ნაწილად იქცა...

მნიშვნელოვანია, რომ სპექტაკლში „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მონაწილეობენ. სტუდენტების რანგში ეს, ალბათ, მათი ბოლო სპექტაკლია, ამდენად კიდევ უფრო ემოციური იყო საპრემიერო დღე.

სპექტაკლი მაღალ დონეზე გააფორმა მუსიკალურად ლუკა ქიქავამ, მხატვარ–დიზაინერი სალომე ბულია გახლდათ, ქორეოგრაფი – ზიზი მარგალიტაძე, დეკორატორი – გიორგი კოლხიდაშვილი, განათებას უზრუნველყოფდა ოთარ ბუხრაშვილი.

სპექტაკის რეჟისორი და მისი მონაწილე მსახიობები დაუცხრომელი აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს სცენიდან. 

     

პრემიერის მომდევნო დღეს თეატრ „ჰიგიას“ დასს  შეხვდა თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე. როგორც რექტორმა აღნიშნა, ძალიან ძნელი შესაგუებელია, რომ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები დაამთავრებენ სწავლას და დასის წევრები აღარ იქნებიან, თუმცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კარი მუდამ ღია იქნება მათთვის და მაგისტრატურასა და რეზიდენტურაში სწავლისასაც შესაძლებლობა ექნებათ, ითამაშონ „ჰიგიას“ სპექტაკლებში... მან დაწვრილებით გამოკითხა თითოეულ სტუდენტს, რას აპირებდნენ სწავლის დამთავრების შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, მათი დიდი ნაწილი უკვე მუშაობს... ერთ–ერთს კი – ალექსანდრე შენგელიას, გადაწყვეტილი აქვს, სწავლა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გააგრძელოს.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლიერებით აღნიშნა ის ღვაწლი, რაც თეატრის რეჟისორს, პროფესორ ნათია გუჯაბიძეს მიუძღვის დასის წარმატებაში, რაც თითოეულმა მსახიობმა თავდაუზოგავი  შრომით გაიღო... როგორც თეატრ „ჰიგიას“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ უნდოდათ როგორმე გამოეხატათ თავისი განწყობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში ყურადღებას არ აკლებდა მათ, ამიტომაც მოიფიქრეს და სამახსოვრო საჩუქრად გადასცეს მადლიერების სიგელი თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის, გამოხატული სითბოსათვის და ერთგულებისთვის.