პროექტ „წიგნი–ერის“ პრეზენტაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრი“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობა და სამედიცინო აკადემია იწყებს ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს ,,წიგნი–ერი“, რომლის მიზანია  სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ,,წიგნის ბანკში“ წიგნების დეფიციტის აღმოფხვრა. ამ მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სათათბირო დარბაზში. პრეზენტაციას უძღვებოდა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მიხეილ დიაკონიძე. როგორც მან აღნიშნა,   „წიგნი–ერი“ ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II –ის ლოცვა–კურთხევით. პროექტის მიზანია სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი არასრულწლოვანი პატიმრების მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა გათავისუფლების შემდეგ შეძლონ სწორი და მოქალაქეობრივი თვითშეგნებით სავსე ცხოვრების გაგრძელება, რისი ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორი სწორედაც, რომ წიგნიერება და განათლებაა.

პროექტის სლოგანია ,,გაიღე წიგნი, წიგნიერი მომავლისათვის“. ახალგაზრდები, რომლებსაც პროფესია ავალდებულებთ, რომ იზრუნონ ადამიანების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მათ სულიერ სიჯანსაღეზეც ფიქრობენ, ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც...  როგორც ცნობილია, მძიმე სოციალური ფონის გამო, იმის გამო, რომ ბევრი ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, არაერთი არასრულწლოვანი უშვებს საბედისწერო შეცდომას და გისოსებს მიღმა ხვდება. „წიგნი–ერი“ სწორედ მათი მხარდაჭერისთვის, ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთის შეიქმნა. არასრულწლოვნებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთი შეცდომის გამო ყველაფერი არ მთავრდება მათ ცხოვრებაში და შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ განვითარებაზე, იფიქრონ მომავალზე...

სარეკლამო პოსტერები და ბანერები, რომელიც სპეციალურად პროექტისათვის „წიგნი–ერი“ დამზადდა, განთავსდება როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე სამინისტროებში და სხვა საჯარო დაწესებულებებში. ნებისმიერ მსურველს შეეძლება,  პოსტერზე მითითებულ მისამართებზე მიიტანოს წიგნები და ხელი შეუწყოს წიგნიერი მომავლის ჩამოყალიბებას. ეს იქნება წიგნები, რომელსაც თითოეული ადამიანი თავისი ერისთვის გაიღებს...