გერმანელი პროფესორების ლექციები თსსუ–ში

2014 წლის 27 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული სპეციალისტისათვის ლექციები წაიკითხეს დუისბურგის (გერმანია) ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორებმა: თსსუ–ის საპატიო დოქტორმა, მოწვეულმა პროფესორმა ჰელმუტ ზიბერმა, თსსუ–ის საპატიო დოქტორმა, მოწვეულმა პროფესორმა ანდრეას ჰამმახერმა და თსსუ–ის საპატიო დოქტორმა, მოწვეულმა პროფესორმა ვიქტორ ვაილერტმა.

ლექციებს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, უნივერსიტეტის პროფესორები, საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები, IV და V კურსის სტუდენტები და დაინტერესებული პირები...

აუდიტორია უაღრესად დაინტერესებული გახლდათ პროფესორ ვიქტორ ვაილერტის ლექციის – „ფრონტალური კბილების ტრავმული დაზიანებები ბავშვთა ასაკში“, პროფესორ ჰელმუტ  ზიბერის ლექციის –„დიზოკლუზიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ და პროფესორ ანდრეას ჰამმახერის ლექციის –„ყბა–სახის მიდამოს ანთებითი დაავადებები“ თემებითა და შინაარსით. დაისვა შეკითხვები;

როგორც ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიის და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის დეპარტამენტის მოწვეულმა მასწავლებელმა, დავით ჯმუხაძემ აღნიშნა, ლექციებზე განხილული იყო ახალი მიდგომები ყბა–სახის ქირურგიაში,  რეკონსტრუქციულ ოპერაციებში, თანკბილვის ტრავმის შემდგომ მკურნალობასა და  ყბების დეფორმაციების და  დისგნათიების შემთხვევაში... ეს მეტად აქტუალური და საინტერესო საკითხებია ნებისმიერი პროფესიონალისთვის და სტუდენტისთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ, უახლესი და საინტერესო მიღწევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ სტუდენტებს, მათ თავად მოისმინონ ავტორიტეტული პროფესიონალებისგან ლექციები სხვადასხვა თემებზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი სტუმრები:  თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი; თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ანდრეას ჰამმახერი და თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი თსსუ–ს ეწვივნენ. ისინი უკვე მეოთხედ არიან ჩამოსულები ლექციების წასაკითხად.

როგორც ლექციების შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს,  მათთვის მართლა დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, გაიზიარონ ევროპელი პროფესორების გამოცდილება და მიღწევები. უცხოელ პროფესორთა ლექციებს თსსუ მუდმივად სთავაზობს სტუდენტებს, რაც მნიშვნელოვანია მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 27 მაისს გერმანელმა პროფესორებმა  50 პაციენტს ჩაუტარეს კონსულტაცია თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში. 29 და 30 მაისს კი იგეგმება 13 ოპერაცია, რომელსაც ისინი ასევე თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ჩაატარებენ.