ექთნების პოსტდიპლომური კლინიკური უნარ–ჩვევების კურსი საექთნო საქმეში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმებისა და ექთნების პერსონალი უმაღლეს დონეზე იყოს მომზადებული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოქმედი ექთნების პოსტდიპლომური კლინიკური უნარ–ჩვევების კურსი საექთნო საქმეში –  20 დღიანი ტრენინგი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრმა დანერგა.

ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებაში დაინტერესებულია  საუნივერსიტეტო კლინიკებიც. გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორის  ლია ძიძიგურის და საორგანიზაციო დარგში კლინიკის დირექტორის – ნანა დათიაშვილის მხარდაჭერით, ამჯერად პოსტდიპლომური კლინიკური უნარ–ჩვევების კურსი საექთნო საქმეში  გაიარეს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის მოქმედმა ექთნებმა. კურსის დასრულების შემდეგ მათ გამოცდა ჩააბარეს კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში, რის შემდეგაც  სერტიფიკატები გადაეცემათ.

გამოცდას ესწრებოდნენ: თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, გამომცდელები: ნინო თეზელაშვილი, ნინო ფუთურიძე და ნანა ჯიქიძე.

გამოცდის დაწყებამდე მონაწილეებს მიესალმა პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მან ყურადღება გაამახვილა იმ დიდ პასუხისმგებლობაზე, რასაც ექთნის პროფესია ითვალისწინებს. სამედიცინო მომსახურების ხარისხი დიდწილად სწორედ ექთნების მომზადებისა და პროფესიონალიზმის ხარისხზეა დამოკიდებული.

როგორც თსსუ პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების კოორდინატორმა მედეა  ჯღარკავამ გვითხრა,  პროექტი ახალი დაწყებულია. გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანადგომით, ამ ექთნებს მიეცათ საშუალება, სრულიად უფასოდ გაიარონ  20 დღიანი პოსტდიპლომური კლინიკური უნარ–ჩვევების კურსი საექთნო საქმეში. ისინი კარგი პროფესიონალები არიან მაგრამ ჩვენ შევძელით მათთვის საინტერესო და მათი სრულყოფისთვის საჭირო კურსი ჩაგვეტარებინა. განვიხილეთ ახალი მიდგომები, ინფორმაცია მივაწოდეთ ახალი კონკრეტული  კლინიკური უნარ–ჩვევების შესახებ. დღეს გამოცდის ბოლო დღეა, რომელიც საბოლოოდ დაადასტურებს ჩვენი ტრენინგის შედეგს და სერტიფიკატის გაცემის საშუალებას მოგვცემს.

კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა  ირმა მანჯავიძემ აღნიშნა, რომ  კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში ექთნების გადამზადება პირველად ჩატარდა. იგეგმება, ყველა საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალის გადამზადება განხორციელდეს კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის ბაზაზე.  „მოხარულები ვართ რომ ასეთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას  ვმასპინძლობთ. ჩვენი ყველა პედაგოგი ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს, რადგან  სწორედ ექთნები განსაზღვრავენ სამედიცინო მომსახურების ხარისხს.  უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომ ყველა საუნივერსიტეტო  კლინიკის ექთანი გადამზადდეს აკრედიტებული პროგრამით.  სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს უფრო ვიწრო სპეციალიზაციით მოეწყოს ტრენინგები...  ცალკე მომზადება გაიაროს, მაგალითად, პედიატრიული,  ნეონატოლოგიური განყოფილებების პერსონალმა. ეტაპობრივად ამასაც  განვახორციელებთ“.

გავლილი კურსით ძალიან კმაყოფილები იყვნენ თავად ექთნები. როგორც ტრენინგის მონაწილე ირინე ბეგლიანცმა აღნიშნა, მისთვის ბევრი რამ იყო ახალი და საინტერესო. ნათია მამისაშვილის თქმით კი, თავიდან საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებდა, ახლა ყველა ლაფსუსი გამოასწორა და მადლიერებით ტოვებს თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრს, სადაც ყველა საჭირო ინფორმაცია და პრაქტიკული ჩვევა მაღალ დონეზე აითვისა.