კომპანია MICERIUM SPA-ს სპიკერის საშა ფეტსიჩის ლექცია „ფრონტალური და საღეჭი კბილების პირდაპირი რესტავრაციები“

2014 წლის 31 მაისს და 1 ივნისს კომპანია დენტალმარკეტის მოწვევით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევითი ცენტრი უნიდენტი მასპინძლობდა კომპანია MICERIUM SPA -ს (იტალია) სპიკერს საშა ფეტსიჩს. ის პროფესორების, ლორენცო ვანინისა და დანიელ რონდინის მოწაფე და მრავალი პუბლიკაციის ავტორია. არის ესთეტიკური სტომატოლოგიის ევროპული ასოციაციის წევრი, სასწავლო ცენტრების: „Лигея“, „Веритас“, „Медиа Дент“ და „Белий Град“–ის პროფესიონალი სპიკერი და კლინიკური კონსულტანტი.

31 მაისს საშა ფეტსიჩმა წაიკითხა ლექცია თემაზე „ფრონტალური და საღეჭი კბილების პირდაპირი რესტავრაციები“, 1 ივნისს კი ჩაატარა მასტერ–კლასი. აუდიტორია ლექციაზე და მასტერ–კლასზე დასწრების მსურველებს მართლაც ვეღარ იტევდა. ყველა დიდი ინტერესით უსმენდა ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან გამოცდილ პროფესიონალს. მსმენელთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა სტომატოლოგები იყვნენ, თუმცა დარბაზში ისხდნენ უკვე დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალებიც და თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის V კურსის სტუდენტებიც. ლექციას ესწრებოდნენ თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, პროფესორები: მარინა მამალაძე, მანანა ივერიელი, ნინო ჭიპაშვილი, ნინო აბაშიძე, ნანა ყიფიანი და სხვები.

როგორც ლექციის დასასრულს პროფესორმა მარინა მამალაძემ აღნიშნა, ეს იყო სტომატოლოგიური საზოგადოების მეორე შეხვედრა „ MICERIUM “–ის ფირმის წარმომადგენლებთან:

„სხვათა შორის, ეს კომპანია და მისი ნაწარმი ჩვენს სტომატოლოგიურ ბაზარზე საკმაოდ გვიან შემოვიდა. ეს არის ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე, მაღალრეიტინგული სარესტავრაციო მასალა, რომლითაც  დღეს ესთეტიკურ სტომატოლოგიაში მოღვაწე ყველა სტომატოლოგი მუშაობს. ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც მოწყურებულია ყოველგვარ სიახლეს კბილთა რესტავრაციაში, ეს მასალა ძალიან საინტერესოა.  გული გვწყდება, რომ საკმაოდ გვიან ვიწყებთ მის პრომოციას. სამაგიეროდ, ჩვენ დავიწყებთ სწრაფი ტემპით. თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტს კბილთა რესტავრირების საქმეში მდიდარი გამოცდილება აქვს. საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია დეპარტამენტის მხარდაჭერით მე-5 წელია აწყობს საქართველოს ჩემპიონატს კბილთა პირდაპირ რესტავრაციებში. ხუთჯერ გაემგზავრა საქართველოს ჩემპიონი უკრაინაში საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად და ყოველთვის საპრიზო დიპლომებით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ უკან.

მიხარია, რომ დარბაზში უამრავ ახალგაზრდას ვხედავთ, ჩვენი ლექტორიც საკმაოდ ახალგაზრდაა...  საერთოდ, მიმაჩნია რომ რესტავრაციული სტომატოლოგია ახალგაზრდების საქმეა. ალექსანდრ ფეტსიჩი არის პიროვნება, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და  მუშაობს თავდავიწყებით. ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მისმა  მასტერ–კლასმა, რომელიც 1 ივნისს ჩატარდა“.

ლექციისა და მასტერ–კლასის შემდეგ სტომატოლოგები და სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. ეს მომავალში  საფუძველს დაუდებს რესტავრაციული სტომატოლოგიის წინსვლას.

ახალი სასწავლო წლიდან MICERIUM –ის ნოვაციური სარესტავრაციო მასალის `Enamel+” გამოყენება ოდონტოლოგიის დეპარტამენტში დაინერგება. მე-5 კურსის სტუდენტები კბილთა რესტავრაციის ახალ ტექნოლოგიას დაეუფლებიან და წლის ბოლოს კბილთა პირდაპირ რესტავრაციაში სტუდენტური ჩემპიონატი ჩატარდება. გამარჯვებული სტუდენტი იტალიაში ქ. კიეტში საერთაშორისო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

წარმატება ვუსურვოთ მათ.