უცხოელ სტუდენტებს დიპლომები და მედლები გადაეცათ

2014 წლის 4 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებს, რომლებმაც სასწავლო კურსი დაასრულეს, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დიპლომები და სპეციალური მედლები. ეს დღე განსაკუთრებული იყო როგორც თითოეული მათგანისთვის, ისე თსსუ–ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის.

დიპლომების გადაცემის ცერემონია ნაწილობრივ თეატრალიზებული იყო. დარბაზში შემოვიდნენ მანტიებით შემოსილი ახალგაზრდები, რომლებსაც  ანთებული სანთლები მოჰქონდათ. სინათლე მათ ხელში, როგორც განათლების სიმბოლო, კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმას, თუ რა აკავშირებს თითოეულ მათგანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან – ის უმნიშვნელოვანესი რამ რაც მათ მომავალს განსაზღვრავს და მართლაც სინათლით აავსებს – განათლება! როგორც უკვე დიპლომირებული მედიკოსები, ისინი ცალსახად აღნიშნავდნენ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სრულყოფილი განათლება მიიღეს, მადლიერებით ემშვიდობებოდნენ უკვე მშობლიურად ქცეულ უნივერსიტეტს, აკადემიურ პერსონალს, რომელიც ძალ–ღონეს არ იშურებდა, რომ სტუდენტებისთვის მაქსიმუმი მიეცა. აუდიტორიას საოცრად მგრძნობიარე სიტყვით მიმართა უცხოელ სტუდენტთაგან ყველაზე წარმატებულმა, რეიტინგის მიხედვით პირველმა კარიშმა პუტანპურამ: მხოლოდ 17 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედი, 6 წელი ვისწავლე აქ. დრო სწრაფად გავიდა. საქართველოში თითქოს ახალი ოჯახი აღმოვაჩინე: შევიძინე მეგობრები, ახლობლები... მათ გამო ყოველთვის მენდომება, რომ დავბრუნდე ამ ქვეყანაში.

როგორც უკვე ყოფილმა სტუდენტმა, ქშიტიჯ კუმარმა სცენიდან განაცხადა, მადლიერების გრძნობა აქ გატარებული წლების გამო არასოდეს დაავიწყდება. მან, თანაკურსელთა სახელით, კიდევ ერთხელ გადაიხადა მადლობა იმ გაწეული შრომისთვის, რასაც მართლაც მუდმივად გრძნობდნენ პროფესორ–მასწავლებლებისგან.
უცხოელ სტუდენტებს მიმართეს: თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ია ავალიანმა.
პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა ყოფილ სტუდენტებს უსურვა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ, რაც მთავარია, ისინი მზად არიან ამისთვის.
პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ეს დღე უნდა დაიმახსოვრონ არა როგორც დასასრული 6 წლიანი სწავლისა, არამედ როგორც დასაწყისი იმ დიდი და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გზისა, რომელსაც ამიერიდან შეუდგებიან. „იყავით წარმატებულები და ბედნიერები და გახსოვდეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, როგორც პირველი საფეხური თქვენი წარმატებული კარიერის გზაზე“, – თქვა მან.
ღონისძიების დასასრულს სცენაზე მიიწვიეს ყველა. კურსდამთარებულებს დიპლომები და მედლები გადასცეს: თსსუ–ის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ, ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ია ავალიანმა.

     

საღამო იმ სიმღერით დასრულდა, რომელიც უცხოელმა სტუდენტებმა კურსდამთავრებულების საპატივცემულოდ შეასრულეს. იყო ტრადიციად ქცეული „ქუდების ცაში ასროლაც“ – უზომო სიხარულის გამოხატვა. ყველაფერი ახლა იწყება, – ეს კარგად აქვთ გააზრებული ახალბედა დიპლომირებულ მედიკოსებს. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ადამიანების მდგომარეობა, – აღნიშნავდნენ ისინი.
დასასრულ, საზეიმოდ დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.
ოპტიმისტურ განწყობას ქმნიდა სცენაზე გაკეთებული წარწერა: „In our hands, we hold the future“.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს დიპლომის აღებას ყველა სტუდენტს და ნათელ, წარმატებულ მომავალს უსურვებს თითოეულ მათგანს, როგორც პროფესიულ სფეროში, ისე პირად ცხოვრებაში.