გერმანელი სტუმრები თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში

2014 წლის 6 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრს გერმანელი სტუმრები: გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროს თანამშრომლობის სამსახურის უფროსი კატერინა დერკორნი და ექსპერტი მიგრაციის საკითხებში, მიგრაციის საკითხების სამთავრობო კომისიის სამდივნოს წევრი ანა გოსი ეწვივნენ. სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე,  კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის   ტექნიკური მენეჯერი აკაკი სეფაშვილი, მთავარი სპეციალისტი დალი ჩიტაიშვილი და ასისტენტი ზაზა მამულაშვილი. შეხვედრის მიზანი გახლდათ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრისა და გერმანიის მხარის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრი უკვე ათი წელია, რაც არსებობს. 2004 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეთოდური საბჭოსა და რექტორატის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტში სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო და სამკურნალო, ასევე კლინიკური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით თსსუ-ში შეიქმნა “კლინიკური ჩვევების ცენტრალური ლაბორატორია“. აქ წლების მანძილზე ხდებოდა როგორც ტექნიკური ბაზის, ასევე მეთოდოლოგიის სრულყოფა. კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში პრაქტიკული მეცადინეობები სიმულატორებსა და მანეკენებზე უტარდებათ მეოთხე და მეხუთე კურსის სტუდენტებს სხვადასხვა კლინიკური დარგების მიხედვით: რეანიმაციასა და გადაუდებელ დახმარებაში, მეანობა– გინეკოლოგიაში, ახალშობილის რეანიმაციასა და მოვლაში, ქირურგიაში, ოფთალმოლოგიაში, გულისა და ფილტვების აუსკულტაციასა და მონაცემების ინტერპრეტაციაში, მოზრდილი ავადმყოფის მოვლაში. სტუმრებმა დეტალურად დაათვალიერეს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, ყველა სიმულატორი, რომელზეც სტუდენტები მუშაობენ, ანატომიური მაგიდა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს სასურველ ჭრილში დაინახოს ადამიანის ნებისმიერი ორგანო. კატერინა დერკორნი და  ანა გოსი ნანახით კმაყოფილები დარჩნენ. მათთვის ცხადი გახდა, რომ თსსუ–ს აქვს სერიოზული ამბიცია, იყოს ერთ–ერთი საუკეთესო მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით. ევროპელი მეგობრების დახმარებით, უნივერსიტეტს შეუძლია, სრულყოს თავისი ტექნიკური ბაზისი და შემდეგ ეს ყველაფერი ქვეყნისა და რეგიონის საკეთილდღეოდ გამოიყენოს. სერიოზული მიზნები სერიოზულ შედეგებს ბადებენ. გერმანელი სტუმრები და ქართველი მასპინძლები მომავალი თანამშრომლობის იმედით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.