სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონია

2014 წლის 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს საზეიმო ცერემონია მოუწყვეს. ახალგაზრდა სტომატოლოგებმა ჰიპოკრატეს ფიცი დადეს.

 თეთრ ხალათებზე, რომელთა ჰიგიენის თვალსაზრისით შერჩეული ფერი, ფაქტობრივად, სიმბოლურ ფერად იქცა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის და უანგარო მოღვაწეობის სიმბოლოდაც შეიძლება აღვიქვათ, სამახსოვრო წარწერები გაჩნდა. მეგობრები და პროფესორ–მასწავლებლები, თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი წარმატებებისა და წინსვლის სურვილებს უკვე ყოფილ სტუდენტებს ხალათებზე აწერდნენ.

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ არაერთი თბილი სიტყვა მოისმინა მადლიერი ახალგაზრდებისგან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მათთვის მართლაც მშობლიური იყო და როგორც კურსდამთავრებულები ამბობდნენ, მიღებულ განათლებას, პროფესიულ უნარ–ჩვევებსა და სამომავლო პერსპექტივებსაც ყოველთვის დაუმადლებენ აკადემიურ პერსონალს, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით მათგან ექიმი–სტომატოლოგები შექმნა.

„დღეს აღვნიშნავთ სტომატოლოგიის ფაკულტეტის 2014 წლის კურსდამთავრებულთა დღეს. მჯერა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის ეს გამოშვება წარმატებული იქნება. ვუსურვებ ყველას წარმატებას, დიდ ბედნიერებას და პროფესიულ სიამაყეს, – მიმართა ყოფილ სტუდენტებს  პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, – ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ თქვენ შესაბამისი განათლება მიღებული გაქვთ, დიპლომისშემდგომ სწავლებასაც ზოგი – ჩვენთან, ზოგიც სხვაგან გაივლის, თქვენ მზად ხართ შეხვიდეთ ისეთ ძლიერ ბაზარზე, როგორიც დღეს სტომატოლოგიაშია საქართველოში და ვფიქრობ, რომ წარმატებულები იქნებით. ახლა მთავარია მონდომება, ეს კი არ გაკლიათ“...

სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სამსონ მღებრიშვილმა ახალგაზრდა სტომატოლოგებს პროფესიული სრულყოფა უსურვა. როგორც მან აღნიშნა, სტომატოლოგიის ფაკულტეტი მომართულია, რომ მაქსიმალური გააკეთოს სტუდენტებისთვის, უახლესი ინფორმაცია და მეთოდოლოგია გადასცეს მათ, ამდენად, სტუდენტები მაღალ დონეზე არიან მომზადებულები და შესანიშნავად გაართმევენ თავს ყველა პროფესიულ გამოწვევას.

სტუდენტებს კეთილი მომავალი და აღმავალი კარიერა უსურვა სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ყიფიანმა.

 სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა  ნიკა სოხაძემ საკუთარი ნახელავი – ელექტროქიმიური გრავირებით შექმნილი მედალიონი  გაათამაშა, რომელზეც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აბრევიატურა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიმბოლო იყო აღბეჭდილი. მედალიონი იღბლიანი ნომრის მფლობელმა მიიღო. როგორც ნიკამ გვითხრა, საღამოს, ბანკეტზე იგივე პრინციპით გათამაშდება მისი დამზადებული დიდი ლითონის კბილიც.

საყოველთაო მხიარულება და ოპტიმისტური განწყობა საზეიმო ფურშეტით დაგვირგვინდა. სადღესასწაულო ტორტი, რომელზეც სტომატოლოგიის სიმბოლო იყო გამოსახული, სტუდენტებთან ერთად სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სამსონ მღებრიშვილმა გაჭრა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას და წინსვლას უსურვებს თავის კურსდამთავრებულებს!