საერთაშორისო კონგრესი „უმაღლესი განათლების თანამედროვე მიმართულებები“

2014 წლის  6–8 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მიწვეული იყო სტამბულში (თურქეთი) საერთაშორისო კონგრესზე „უმაღლესი განათლების თანამედროვე მიმართულებები“.  კონგრესს ესწრებოდა 45 ქვეყნის 300 მონაწილე, რომლებსაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში უჭირავთ მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობა და თვალსაჩინო ადგილი აკადემიურ სამყაროში. ორგანიზატორები გახლდნენ უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაცია და ფატიხის უნივერსიტეტი.

კონგრესზე განიხილეს ინოვაციები, მათი დანერგვისა და განვითარების საკითხები უმაღლეს განათლებაში, ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების სტრატეგიულ პერსპექტივებს და უნივერსიტეტთა თანამშრომლობის როლს ამ პერსპექტივების რეალიზებაში.

განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების საგანი იყო ახალი სასწავლო და სამეცნიერო ტექნოლოგიები – ის, ფაქტობრივად, რაზე დაყრდნობითაც  უნდა განვითარდეს XXI საუკუნის უმაღლესი განათლების სისტემა. დეტალურად განიხილეს ყველა პრობლემა, რომელიც ამ საკითხს ეხება.  კიდევ ერთხელ განსაზღვრეს უმაღლეს სასწავლებლებში  ახალი ტექნოლოგიების დანერგვის უალტერნატივო მნიშვნელობა.

კონგრესზე დასწრება და იქ განხილული ნოვაციების დანერგვა–გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. ამასთანავე, უკვე სახეზეა პირველი დადებითი შედეგიც: კონგრესის მიმდინარეობისას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით, ფატიხის უნივერსიტეტთან გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მომავალში განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, შემუშავდება ერთობლივი კვლევითი პროგრამები. ქართველი და თურქი მეცნიერები და სტუდენტები გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს.