ალდაგი ბისიაი–მ თსსუ–ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები დაასაქმა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური  მუდმივად ზრუნავს სტუდენტებისთვის  და  კურსდამთავრებულთათვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობაზე, და  ამ მიზნით  თანამშრომლობის კოორდინირებაზე სამოქალაქო, კერძო  და სახელმწიფო  სექტორთან.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიგა სორდიამ განაცხადა, მათ არაერთ ავტორიტეტულ და დიდ კომპანიასთან აქვთ საქმიანი ურთიერთობა:  „სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებობს სკეფსისი, რომ დასაქმება ძალიან რთულია. ხშირად საკუთარ პასიურობას იმით ამართლებენ, რომ იმედი არ აქვთ, რომელიმე კომპანიაში კონკურსის გავლის შემდეგ სამსახურის დაწყებისა. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს უსაფუძვლო სკეფსისია. ერთ მაგალითს მოვიყვან: სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ უკვე  დაასაქმა 2014 წლის  აპრილში ვაკანსიებზე დარეგისტრირებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები:

• ოჯახის ექიმის ასისტენტის ვაკანსიაზე შემოსული იყო 16 აპლიკაცია – შეირჩა 4 კანდიდატი

• სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე შემოსული იყო 143 აპლიკაცია – შეირჩა 48 კანდიდატი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური  კვლავაც აგრძელებს მოლაპარაკებებს პოტენციურ დამსაქმებლებთან. იმედი მაქვს, თსსუ–ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იაქტიურებენ და საფუძველს ჩაუყრიან საკუთარ წარმატებულ კარიერას“.