რეპროდუქციული მედიცინის ხმელთაშუა ზღვისპირეთის საზოგადოების (MSPM) XII სიმპოზიუმი და მეანობის, გინეკოლოგიისა და უშვილობის საკამათო საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის (COGI) მსოფლიო კონგრესი

2014 წლის 25–26 აპრილს ბარსელონაში (ესპანეთი) გაიმართა რეპროდუქციული მედიცინის ხმელთაშუა ზღვისპირეთის საზოგადოების (MSPM) XII ყოველწლიური სიმპოზიუმისა და მეანობის, გინეკოლოგიისა და უშვილობის საკამათო საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის  (COGI) მსოფლიო კონგრესი, რომლის გაერთიანებული შეხვედრის სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის სინდრომული დიაგნოსტიკის მიმართულების ასისტენტ–პროფესორი თამარ სარალიძე.  როგორც მან აღნიშნა, კონგრესის მსვლელობისას  განხილული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. საუბარი იყო ახალ მიდგომებზე, კერძოდ: ექტოპიური ორსულობის დროს სალპინგოსტომია სალპინგექტომიის ნაცვლად, საკვერცხის კიბოს პრევენცია, ენდომეტრიოზის მკურნალობის ტაქტიკა მისი განვითარების სტადიების მიხედვით და შედეგის გათვალისწინებით, ადენომიოზის  და მენოპაუზის პერიოდის მენეჯმენტი, სპერმატოგენეზი და ფოლიკულოგენეზი ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, იმუნოლოგიური ფაქტორებისა და ციტოკინების როლი ორსულობის მიმდინარეობაში.

ქართველმა მეცნიერმა, ასისტენტ–პროფესორმა თამარ სარალიძემ წაიკითხა მოხსენება „ ორსულობის მიმდინარეობის შეფასება და სპონტანური  აბორტისა თუ ნაადრევი მშობიარობის პროგნოზირება იმუნოკომპეტენტური უჯრედების აქტივობის მიხედვით სისხლის ლეიკოციტების კულტურაში“ (ავტორების: თ. სარალიძის, ბ. მეტრეველის, თ. შველიძის, ლ. მოხევიშვილის, ზ. გაბელაშვილის ნაშრომი). მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და დაისახა გეგმები უცხოელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.