„Teddy Bear Hospital“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2014 წლის 26 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციისა (GPSA) და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია - თბილისის (EMSA-თბილისი) ორგანიზებით, გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო პროექტი „Teddy Bear Hospital“.

პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში ექიმის,  ე.წ. „თეთრი ხალათის“ და წამლის მიმართ შიშის გაქრობას. პროექტის ფარგლებში, თსსუ–ის ეწვივნენ  საოჯახო საცხოვრებელ „კარიტასის“ და გლდანის მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. მათ დასახვედრად ყველაფერი მზად იყო: ტკბილეული, სათამაშო დათუნიები, რომელიც პროექტ  „Teddy Bear Hospital“–ის სიმბოლოა, ფერადი საღებავები სხეულის მოსახატად და რაც მთავარია, ექიმები – თეთრი ხალათებითა და მხიარული განწყობით.

როგორც აქციაში მონაწილე სტუდენტებმა აღნიშნეს, ეს პროექტი  თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ყოველწლიურად ხორციელდება:  „მისი მიზანია, ბავშვებს დავავიწყოთ ექიმების შიში, ამავდროულად მივაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა სამედიცინო ხელსაწყოს შესახებ. ვაჩვენოთ, რომ მაგალითად, ფონედოსკოპი სულაც არ არის საშიში. ჩვენ ბავშვებსაც ვაძლევთ საშუალებას, მოუსმინონ ერთმანეთის გულისცემას.  ამითი ვცდილობთ  შევაჩვიოთ ექიმთან და სამედიცინო ხელსაწყოებთან კონტაქტს. ამასთანავე, ჩვენი რეზიდენტები და ექიმები სინჯავენ ბავშვებს, რომ არ გამოგვრჩეს რაიმე პათოლოგია. წლევანდელი „Teddy Bear Hospital“–ის აქციაზე ბავშვებს არანაირი პათოლოგია არ გამოუვლინდათ, რაც ძალიან გვახარებს“.

ბავშვები გასინჯეს და კონსულტაცია გაუწიეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებმა და პედიატრებმა. ასეთი მხიარული ვიზიტი ექიმთან სამუდამოდ დაგვამახსოვრდებაო, – ამბობდნენ მოზარდები.

პროექტის მეგობარი კომპანიები: ეკოფუდი – „მილკო“,  „ბარამბო“, „ავერსი“, „ახალგაზრდა ადვოკატები“, „newer Land“, “ ტოტალ შარმი“, სამედიცინო აკადემიის თვითმმართველობა, „news.ge“, “new post” , “Giorgadze grafic desings” ძალიან ცდილობდნენ, რომ პატარებს სითბო და სიხარული არ მოკლებოდათ. გამოუვიდათ კიდეც. ბავშვები ჟრიამულით დარბოდნენ თსსუ–ის ეზოში, მხიარულად ესინჯებოდნენ ექიმებს, რომლებსაც სახე ხალისიანი ნახატებით ჰქონდათ მოხატული, თავადაც ახატინებდნენ ფერად სურათებს სხეულზე, სვამდნენ რძეს, მიირთმევდნენ ტკბილეულს.

თსსუ–ის ეზოში ყველაფერი მზად  იყო,  სტუმრებისთვის ნამდვილი დღესასწაულის განცდა რომ მიენიჭებინათ. „Teddy Bear Hospital“ მართლაც დღესასწაული გახდა ყველასათვის.

ბავშვებმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რეზიდენტებთან ერთად დაათვალიერეს  უნივერსიტეტის ბიოლოგიის და პარაზიტოლოგიის მუზეუმი, დაესწრნენ კონცერტს წითელ დარბაზში. დასასრულს, პატარებმა ბედნიერი განწყობით დატოვეს თსსუ–ის ეზო. თან წაიღეს საჩუქრები, რომელიც კეთილმა მედიკოსებმა გადასცეს: სათამაშო დათუნიები, რომელიც ამ პროექტის სიმბოლოა, ჯანსაღი კვების პროდუქტები, ბარამბოს ტკბილეული, პირადი ჰიგიენის ნივთები.

Teddy Bear–ის სტუმრები გაისადაც ვიქნებით, – ამბობდნენ დამშვიდობებისას პატარები. ისინი დარწმუნდნენ, რომ კეთილი Teddy Bear და თეთრხალათიანი ექიმები მათი ერთგული მეგობრები არიან.