„ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება

2014 წლის 28 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ელექტრონული ბაზების მომწოდებელ კომპანია შპს „ელსევიერთან“. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სისტემაში შემავალი სამეცნიერო–კვლევითი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებენ წვდომას შემდეგ პროდუქტებზე: „ScienceDirect online” რომელიც ხელმისაწვდომს გახდის სამეცნიერო სტატიების სრულ ვერსიებს და  “Scopus online”, რომლითაც ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო შრომებზე ციტირების ინფორმაცია და სამეცნიერო სტატიების ანოტაციები.  

მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან საქართველოს მეცნიერები, სტუდენტები, რეზიდენტები „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ ისარგებლებენ. მათთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდება მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არა მხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. „ელსევიერის“ ელექტრონული ბაზა შესაძლებელს გახდის ასევე ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვებას.

ამასთან, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიიღებს წვდომას მეცნიერთა და სამეცნიერო პროქტების დაფინანსების საძიებო ბაზასა და რეცენზენტთა საძიებო ბაზაზე.

უახლეს სამეცნიერო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, რუსთაველის ფონდს, სამეცნიერო კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს,  მაღალ აკადემიურ დონეზე განახორციელონ თავიანთი ფუნქციები, ხოლო მეორე მხრივ, ქართველ მკვლევრებსა და სტუდენტებს, რომ  აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

 „ელსევიერთან“ უფასოდ წვდომა განხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (ისე როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სისტემაში შემავალი სამეცნიერო–კვლევითი და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების) IP მისამართით რეგისტრირებული კომპიუტერებიდან მომხმარებლის საიტზე:  http://www.elsevier.com/  დარეგისტრირების შემთხვევაში.