მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში სტუდენტები დასაქმდებიან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2014 წლის 11 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 3 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება 2014 წელს დაგეგმილ მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი კახა აბულაძე,  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე და მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოსახლეობის აღწერის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტების  დასაქმების საკითხს. ოთარ აბესაძემ დაწვრილებით გააცნო სტუდენტებს რა პირობებით და როგორ მოხდება მათი პროექტში ჩართვა. ყურადღება მიექცევა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას, რეკომენდაციას დეკანატიდან. როგორც ქალბატონმა მერი დაუშვილმა სტუდენტებს აცნობა, შერჩეულ სტუდენტებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის  ფარგლებში დასაქმების შემთხვევაში, ექნებათ ანაზღაურება 400–დან 500 ლარამდე. სტუდენტები დაინტერესდნენ, რამდენად შეძლებდნენ ამ სამუშაო პროცესის დროს გაცდენილი სალექციო საათების აღდგენას. როგორც  პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განაცხადა, ადმინისტრაცია და პროფესორები ხელს შეუწყობენ ყველა დასაქმებულ სტუდენტს და შეურჩევენ ინდივიდუალურ სასწავლო გრაფიკს.

საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება.

მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება დეკანატებში. სტუდენტმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია, საბანკო რეკვიზიტების ამონაწერი და დეკანის რეკომენდაცია.