თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ვიზიტი მონღოლეთში

2014 წლის 23-28 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ოფიციალური მიწვევით, მივლინებით იმყოფებოდა ულან-ბატორში (მონღოლეთი).

მონღოლეთში ჩატარდა ევროპისა და აზიის აბრეშუმის გზის უნივერსიტეტთა კონსორციუმის (ESRUC) V ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი და აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრა, რომლის არჩეული წევრიც ბრძანდება თსსუ–ის რექტორი.

   

კონგრესზე  განხილულ  იქნა   აბრეშუმის  გზის უნივერსიტეტთა კონსორციუმის სამომავლო  გეგმები,  უმაღლესი განათლების თანამედროვე მიმართულებები და ინოვაციები, გაცვლითი პროგრამების და  გრძელვადიანი  პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

კონგრესზე ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების სტრატეგიულ  პერსპექტივებს გლობალურ და ლოკალურ, აბრეშუმის გზის რეგიონულ კონტექსტში და უნივერსიტეტთა თანამშრომლობის როლს ამ  პერსპექტივების  რეალიზაციაში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალ სასწავლო და სამეცნიერო ტექნოლოგიებზე, თანამედროვე დინამიურ სამყაროში მათი დანერგვის პრობლემებზე და მნიშვნელობაზე.