საზაფხულო სკოლა–სტაჟირება დაიწყო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხორციელდება  სტუდენტების საზაფხულო სკოლა–სტაჟირება. პროგრამა  პირველად 2012 წელს განხორციელდა და მიღებული  შედეგის გათვალისწინებით,  ტრადიციული სახე შეიძინა.

საზაფხულო სკოლა–სტაჟირებაში მონაწილეობას იღებენ: სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის,  სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები. სტაჟირების პროგრამა მოიცავს ორკვირიან პრაქტიკულ კურსს სტუდენტებისთვის სასურველ მიმართულებებში. თითოეულ სტუდენტს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც  ორკვირიან პრაქტიკას აფასებს სპეციალურად საზაფხულო სტაჟირებისათვის შექმნილ დღიურში. სტაჟირების დასასრულს  ხელმძღვანელი გასცემს რეკომენდაციას, რის შედეგადაც სამედიცინო უნივერსიტეტი სტუდენტს გადასცემს სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

საზაფხულო სტაჟირებაში მონაწილე კლინიკები და მიმართულებები სტუდენტების წინასწარი გამოკითხვის შედეგად შეირჩა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარდა თსსუ–ის საუნივერსიტეტო ბაზებისა, სტაჟირების განხორციელებაში მხარდამჭერები უნივერსიტეტის პარტნიორი კლინიკებიც არიან.

სტაჟირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის – 2014 წლის 7 ივლისს, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  კი 14 ივლისს უკვე დაიწყო. რაც შეეხება  მედიცინის ფაკულტეტს, მისი სტუდენტები სტაჟირებას  24 ივლისს დაიწყებენ.