თსსუ–ს ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ

2014 წლის 16 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (უკრაინა) წარმომადგენლები: პოსტდიპლომური განათლების ინსტიტუტის დირექტორი, თერაპიისა და საოჯახო მედიცინის კათედრის ხელმძღვანელი,   მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი, პროფესორი მარიან გრებენიკი, უცხოელ სტუდენტთა ფაკულტეტის დეკანი, სამედიცინო ბიოქიმიის კათედრის გამგე, პროფესორი მიხაილ კორგა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პედიატრიის კათედრის პროფესორი ოქსანა ბოიარჩუკი ეწვივნენ.

გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაინტერესებულია, თავისთანაც დანერგოს მოდერნიზებული მიდგომა პოსტდიპლომური მიმართულების (რეზიდენტურის) და უწყვეტი პროფესიული განვითარების სფეროში. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მათ სჭირდებათ ქართველი კოლეგების რჩევები და პროფესიული კონსულტაციები. უკრაინელ სტუმრებს სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორთან,  პროფესორ ზაზა ბოხუასთან, სადაც დეტალურად განიხილეს ყველა ნიუანსი, რაც კი უკავშირდება სწავლის მოდერნიზებულ სისტემაზე გადასვლას. მათ გაიზიარეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდილება და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ თსსუ–ში პოსტდიპლომური სწავლების მაღალი დონეა.

2014 წლის 17 ივლისს  გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები:  პროფესორები: მარიან გრებენიკი, მიხაილ კორგა და  ოქსანა ბოიარჩუკი   თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ: დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი,   პროფესორი ზაზა ბოხუა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე. სტუმრებმა თსსუ–ის რექტორს ინფორმაცია მიაწოდეს საკუთარი უნივერსიტეტის  მოწყობის შესახებ, აკადემიურ სფეროში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე. მათ აღნიშნეს, რომ იმედოვნებენ, მათ უნივერსიტეტშიც მალე მიაღწევენ იმ მაღალ დონეს, რასაც დღესდღეობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხედავენ.

როგორც თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, მას უკვე ჰქონდა შეხვედრა გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ლეონიდ კოვალჩუკთან  და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პერსონალის დეპარტამენტის უფროსთან ნიკოლაი ოსიიჩუკთან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სიამოვნებით დაეხმარება მეგობარი ქვეყნის მეგობარ უნივერსიტეტს ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში, მხარდაჭერას გაუწევს პოსტდიპლომური მიმართულების და უწყვეტი პროფესიული განვითარების სფეროში იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაშიც, რაც ასე აუცილებელია თანამედროვე, მაღალსტანდარტული სწავლებისთვის.