ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა მეანობა-გინეკოლოგიაში

2014 წლის 22-23 ივლისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში ჩატარდა ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა (ოსკი) მეანობა–გინეკოლოგიაში მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის 22-ე - 41-ე ჯგუფების სტუდენტებისთვის; მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის პირველ  21 ჯგუფს ოსკის გამოცდა ჩაუტარდა მიმდინარე წლის 11-12 თებერვალს.

ამჯერად, ორი დღის განმავლობაში გამოცდაზე გამოცხადდა 233  სტუდენტი. ყველა სტუდენტი გამოცდაზე გადიოდა რეგისტრაციისას მინიჭებული ნომრით და  ასრულებდა ერთსა და იმავე დავალებას  მეანობა-გინეკოლოგიის სხვადასხვა „საგამოცდო სადგურზე“ დროის ერთსა და იმავე ინტერვალში.  

ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა, საშუალებას იძლევა ერთდროულად შეფასდეს როგორც ცოდნა, ასევე კომუნიკაციური და კლინიკური უნარ–ჩვევები. რაკი მომავალი მედიკოსებისთვის ეს გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, გამოცდასაც ძალიან დიდი ფუნქცია და მნიშვნელობა ენიჭება.

ოსკის გამოცდა ორგანიზებული იყო ორ წრედ, ერთდროულად 16 სტუდენტის გამოსაცდელად. თითოეულ წრეზე სტუდენტი ასრულებდა სხვადასხვა დავალებას: სამეანო  და  გინეკოლოგიური გასინჯვას, სტანდარტულ პაციენტთან კომუნიკაციას.

 

მეანობა–გინეკოლოგიაში ოსკის  ჩატარებას წინ უძღვოდა 2008 წლიდან USAID-ის,   JSI–ს (ჯონ სნოუს ინკორპორაცია)   და  WHO–ს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) დახმარებითა და მათთან თანამშრომლობით ორგანიზებული ტრენინგები მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, რის საფუძველზეც  შეიქმნა საერთაშორისო დონის სასწავლო  პროგრამა  და სასწავლო მასალები.

ასევე მომზადდა „საგამოცდო სადგურები“ შესაბამისი შეფასების ფურცლებით. თსსუ–ის მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ კინტრაიამ  მოამზადა საგამოცდო დავალებები, მოკლე შეკითხვები და შესაბამისი ტესტები სტუდენტებისათვის. გამოსაცდელთაგან უმრავლესობამ წარმატებით გაართვა თავი დავალებებს.

ოსკის გამოცდის  ორგანიზება და ჩატარება შესაძლებელი გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ხელმძღვანელობის, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, კანცლერის, ბატონ ზურაბ ორჯონიკიძის,  კანლერის აპარატის, ვიცე–რექტორის, პროფესორ კახა ჭელიძის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის,  პროფესორ თინა ჩიქოვანის  და USAID-ის პროგრამა „შენარჩუნების“    JSI–ს პროექტის ხელშეწყობითა  და დახმარებით.

ოსკის გამოცდამ მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ მასწავლებლების  მხრიდან.