მე–6 საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“ მესტიაში

2014 წლის 26–28 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის  და „სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის“ ორგანიზებით  საქართველოს  ულამაზეს კუთხეში –სვანეთში, დაბა მესტიაში ჩატარდა მე–6 საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ: კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მარინა გიორგობიანი და თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი.

მე–6 კონფერენციაზე „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“ ოფიციალურად დაპატიჟებულები იყვნენ მესტიის რაიონული საავადმყოფოს ექიმები:  მესტიის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი, ღირსების ორდენოსანი, ადილარ ჩართოლანი, სახელოვანი ადგილობრივი ქირურგი – ომარ ჭკადუა, ახალგაზრდა ქირურგი ზაზა  კურტანიძე, მესტიის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერი, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში, ბატონი ზამირ რატიანი,ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან, პრესასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ირმა ჯაჭვლიანი.

თავდაპირველად კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ახალგაზრდა მკვლევარებმა: მაია გოგუამ  – „ყურძნის წიპწისა და კორიანდრას ზეთით მკურნალობა პაროდონტიტით დაავადებულ პაციენტებში“, სესილი ბერიაშვილმა  „ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს კარიესის წარმოქმნის რისკების გამოკვლევის შესწავლა“, თამარ სულაძემ „ნაწლავური დისბაქტერიოზის გავლენა სტომატოლოგიურ დაავადებებზე ბავშვთა ასაკში“.

შემდგომ ასპარეზი დაეთმოთ სახელოვან თეორეტიკოს და პრაქტიკოს ექიმებს, რომელთაც წარმოადგინეს ძალიან საინტერესო მოხსენებები მედიცინის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

მოხსენებები წაიკითხეს: პროფესორებმა მარინა  გიორგობიანმა და ბიძინა ზურაშვილმა  – „გარემოს გლობალური დაბინძურება და ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმების გაძლიერების თანამედროვე საშუალებების გამოყენების პერსპექტივები“, ფ.ჯაფარიძემ „ფტორის შემცველობის განსაზღვრა აჭარის რეგიონის სასმელ წყლებში, მაია ციმაკურიძემ „ ჯანმრთელობის დარღვევების მიმდინარეობის თავისებურებანი საწარმოო მავნე ფაქტორთან კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ“, პროფესორმა  ყარამან ფაღავამ  „ეკოლოგიური პედიატრია: გამოწვევები და შესაძლო პასუხები“, თ. შიშნიაშვილმა „მცირეწლოვან ბავშვებში ტყვიის დაგროვებისა და მინერალური ცვლის დარღვევების ადრეული დიაგნოსტიკა თმისა და კბილის სპექტრული ანალიზის საფუძველზე“, პროფესორმა  ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა „ფსიქოლოგიური სტენოკარდიის საკითხისათვის“, პროფესორმა  მაია ხერხეულიძემ –„ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები“, პროფესორმა  მიხეილ შავდიამ „ტკივილის მართვის ძირითადი პრინციპები“, თ. გოგიჩაძემ – „ბაქტერიებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების შესაძლო ურთიერთკავშირის შესახებ“, პროფესორმა ნელი ანთელავამ –„აჭარის რეგიონში გავრცელებული ჭახათის, კვირიკეს და ბეშუმის ლამიანი სულფიდური ტალახების ქვემწვავე ტოქსიკურობის შესწავლა.“

კონფერენციის მსვლელობისას  მრგვალი მაგიდის: "საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სამედიცინო-ეკოლოგიური პრობლემები"ფარგლებში გაიმართა დისკუსია.

 

მე–6  საერთაშორისო კონფერენციაზე - “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”  წარმოდგენილი მოხსენებები სტატიების სახით გამოიცა პროფესიულ ჟურნალში “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” №3, 2014. კონფერენციის ყველა  მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები. 

კონფერენციის მონაწილე ექიმებმა, პროფესორებმა მიხეილ შავდიამ (ონკოლოგი), ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა (კარდიოლოგი), ნინო მანჯავიძემ და ნინო ადამიამ (პედიატრები)  მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ჩაატარეს ადგილობრივი პაციენტების უფასო სამედიცინო კონსულტაციები.

 

კონფერენციის მიმდინარეობის ფარგლებში, 27 ივლისს,   ორგანიზატორებმა  და მონაწილეებმა  დაბადების დღე მიულოცეს პროფესორ ნელი ანთელავას. ქალბატონმა მარინა გიორგობიანმა წაიკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მისალოცი წერილი ქალბატონ ნელი ანთელავასადმი და იუბილარს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი იყო კულტურული ღონისძიებები;  მონაწილეებმა  მესტიაში მოინახულეს სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი, ცნობილი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი, „მარგიანების კომპლექსი“ –  ძველი სვანური სახლი –„მაჩუბი“  და კოშკი, ავიდნენ ჰაწვალის მთაზე და დატკბნენ კავკასიონის მთიანეთის საოცარი ხედებით, ზუგდიდში გაისეირნეს დადიანების სასახლის პარკში.