თსსუ–ს წარმოშობით ქართველი, ცნობილი თურქი ექიმი ისმეთ დინდარი ეწვია

2014 წლის 30 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  ექიმი კარდიოლოგი, სტამბულის მალტეფეს უნივერსიტეტთან არსებული კლინიკა “მარმარის“ (თურქეთი) კარდიოლოგიის განყოფილების უფროსი, ცნობილი კარდიოლოგი და კარდიოქირურგი, წარმოშობით ქართველი, პროფესორი ისმეთ დინდარი (მიქელაძე) და  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე ეწვივნენ. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე და  პედიატრიული დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ივანე ჩხაიძე. როგორც თსსუ–ის რექტორმა აღნიშნა, ჩვენი უნივერსიტეტი თანამშრომლობს  თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და წარმატებით ახორციელებს გაცვლით პროგრამებს მათთან. პროფესორმა ისმეთ დინდარმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში. მან ახალი საქმიანი წინადადებით მიმართა თსსუ–ის მესვეურთ. პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ მზადყოფნა გამოთქვეს განათლების სფეროში  თანამშრომლობისა და თანადგომისათვის.