თელ–ავიველი პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2014 წლის 12 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს თელ–ავივის კლინიკის „Teeth of World“ პროფესორები: ნათან საირმანი და ერაიხ ბერიდი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად კი თელ–ავივის კლინიკა „ასუტის“  ექიმი–ანესთეზიოლოგი, დოქტორი ირაკლი კილაძე ეწვივნენ. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი.

     

სტუმრები დაინტერესდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესითა და პროგრამებით, განსაკუთრებით – სტომატოლოგიის ფაკულტეტითა და სტომატოლოგთა პოსტდიპლომური განათლებით. აღნიშნეს, რომ მათთვის სასურველი და საინტერესოა თანამშრომლობა თსსუ–თან. პროფესორმა ნათან საირმანმა დაწვრილებით გააცნო ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრობირებული მკურნალობის მეთოდები სტომატოლოგიაში ქართველ კოლეგებს. იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ შეიძლება გამოცდილების გაზიარება და ლექციების კურსის წაკითხვა ქართველი აუდიტორიის წინაშე.

როგორც დოქტორმა ირაკლი კილაძემ აღნიშნა, თავად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ძალიან კმაყოფილია აქ მიღებული განათლებით, იმ აკადემიური ცოდნით, რაც უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განმსაზღვრელი გახლდათ მისი მომავალი კარიერისა. ამჟამად მზადყოფნა გამოთქვა, უცხოეთში მიღებული მდიდარი გამოცდილება თსსუ–ის სტუდენტებს გაუზიაროს.