თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებიდან დაბრუნდნენ

თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდნენ პოლონეთში ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

სტუდენტებმა  პრაქტიკა გაიარეს სხვადასხვა დეპარტამენტებში, სადაც ჩართულნი იყვნენ  პრაქტიკულ საქმიანობაში, მონაწილეობას იღებდნენ პაციენტის გასინჯვაში, სამედიცინო შემოვლებში, მენტორებთან ერთად არჩევდნენ სხვადასხვა საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს. პრაქტიკული გამოცდილების გარდა სტუდენტებს აცნობდნენ  თეორიულ საკითხებსაც – აწვდიდნენ  პროფესიულ ლიტერატურას.

ქართველი სტუდენტები განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნავენ შინაგანი სნეულებების დეპარტამენტში გავლილ პერიოდს, სადაც მათ  დიდი გამოცდილება  მიიღეს.

პროგრამა ითვალისწინებდა პრაქტიკას სიმულაციის ცენტრშიც, რომელიც აღჭურვილი იყო უახლესი მულაჟებით. სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი დასახულ ამოცანებს და პროფესორების აღფრთოვანება გამოიწვიეს.

სტაჟირების პერიოდში ქართველი სტუდენტები შეხვდნენ ლუბლინის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პროფესორ ჰანა ტრებახს. მან ინტერესით მოუსმინა ქართველ სტუდენტებს  და გადასცა  სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატები და საჩუქრები.