მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის პროფესორის ფრენსის ლუისის ლექცია თსსუ–ში

ახალი სასწავლო წელი დაიწყო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც გაგრძელდა უცხოელი პროფესორების ლექციების ციკლი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ტარდებოდა გასულ წლებში.

თსსუ–ს ეწვია მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის  პროფესორი დოქტორი ფრენსის ლუისი. სტუდენტებისა და რეზიდენტების ინტერესი იმდენად დიდი იყო, უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზი ვერ იტევდა ლექციის მოსმენის მსურველებს. როგორც ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ აღნიშნა, უცხოელ პროფესორთა ლექციები რამდენიმე წელია დაიწყო ჩვენს უნივერსიტეტში და მიზნად ისახავს ევროპელი და ამერიკელი პროფესორების მოწვევას: „ეს არის გრანტით გამყარებული პროგრამა. ჩვენ ვარჩევთ ისეთ პროფესორებს და ლექტორებს, რომელთა  პროფილი შეესაბამება ჩვენს კურიკულუმს და სილაბუსებს და მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის. ამჟამად ლექციას კითხულობს მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის  პროფესორი დოქტორი ფრენსის ლუისი. ის ლექციებს წაიკითხავს პაროდონტის დაავადებების მკურნალობაზე. მიმდინარე ლექცია ეხება პაროდონტოლოგიაში პლასტიკის პრობლემურ საკითხებს. მისი მომდევნო ლექცია კი მიეძღვნება ძვლის რეგენერაციის პრობლემებს. ლექციები განკუთვნილია  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, მაგრამ მოვიწვიეთ ექიმი რეზიდენტებიც, რადგან  პაროდონტოლოგია რეზიდენტურის პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია“.

პროფესორ ფრენსის ლუისის ლექციას ესწრებოდა პაროდონტოლოგიისა და  ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ივერიელი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიდგომას ევროპელი და ამერიკელი პროფესორების მოწვევისადმი: „გასულ წელს მოწვეული გვყავდა ჩეხეთიდან პრაღის უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებმაც ასევე სამდღიანი ლექციების კურსი წაუკითხეს ჩვენს სტუდენტებს,მათთვისაც და ჩვენთვისაც – აკადემიური პერსონალისთვის ეს იყო ძალიან ინფორმაციული ლექციები. ამჟამად მოვისმინეთ მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის  პროფესორის, დოქტორ ფრენსის ლუისის ლექცია, რაც დიდი საჩუქარია ჩვენთვის.  ბატონი ფრენსისი 10 წლის წინაც იყო ჩამოსული და ლექციების კურსი წაგვიკითხა. ჩვენ მასთან ვთანამშორმლობთ, გვაქვს გაცვლითი პროგრამა მარსელის უნივერსიტეტთან, ახლაც მზადდება რეზიდენტების გაცვლითი პროგრამა“.

სტუდენტები და რეზიდენტები ლექციის დასრულების შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და სასარგებლო ლექცია მათთვის და უცხოელ პროფესორთა ლექციების არსებობა უნივერსიტეტში მართლაც ძალიან დიდ სამომავლო საქმეს აკეთებს სტუდენტებისა და ახალბედა სპეციალისტებისთვის.