18 სექტემბერს, სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია”, ჯონ სნოუს ორგანიზაციამ JSI საქართველოში მოღვაწეობის 10 წლისთავის და ქართველი პარტნიორების მიერ გაწეული წვლილის აღსანიშნავად გამართა საგანგებო ცერემონია.
სხვა ქართულ ორგანიზაციებთან ერთად, განსაკუთრებით ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის დაჯილდოვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ქართველ პარტნიორებს ჯილდოები გადასცეს ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და ჯონ სნოუს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა კენ ოლივოლამ.
ორგანიზაციას JSI განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური უნარების სწავლებისა და შეფასების თანამედროვე სისტემის განვითარებაში. ამ ორგანიზაციის უშუალო ხელშწყობით უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად, მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის დაინერგა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) მეანობასა და გინეკოლოგიაში.
აღნიშნული გამოცდა მნიშვნელოვანი ნაწილია დიპლომამდელი სამედიცინო განათლების რეფორმისა, რომელსაც პროგრამა USAID SUSTAIN ახორციელებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და თსსუ-თან და ოსლოს უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.
უახლოეს მომავალში თსსუ გეგმავს OSCE-ის გამოყენებას სხვა კლინიკურ დისციპლინებშიც და საბოლოოდ, მის სრულ ინტეგრირებას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.