თსსუ მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში სლოვაკმა სტუმრებმა ტრენინგი ჩაატარეს

2014 წლის 29–30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა ტრენინგები, რომელსაც ესწრებოდნენ ექთნები და ექიმები, ისინი ვინც, კონკურსის გავლის შემდეგ აპირებენ მუშაობა საუნივერსიტეტო კილნიკაში დაიწყონ.

ტრენინგის თემა გახლდათ სლოვაკური ფირმა ჰირანის ხელოვნური სუნთქვის აპარატების მოხმარება და ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია.

ტრენინგის დაწყებამდე აუდიტორიას ესაუბრა თსსუ მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლაშა აბესაძე. მან შეკრებილ ექიმებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა ”უნიმედმა“  შეიტანა სლოვაკური ფირმა ჰირანის 25 ხელოვნური სუნთქვის აპარატი.  კლინიკაში დაწყებულია ამ აპარატურის ინსტალირება და ტესტ–რეჟიმში მუშაობა. ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად სლოვაკეთიდან ჩამოვიდნენ იანო პოპულაკი და პიტერ იშტონა.

ამას გარდა, ბატონმა ლაშა აბესაძემ დეტალურად აუხსნა მსმენელებს რა სამუშაოები მიმდინარეობს კლინიკაში და როგორია სამომავლო გეგმები.

 

როგორც თსსუ მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაცია–ანესთეზიის მიმართულების ხელმძღვანელმა ნოდარ ლებანიძემ აღნიშნა,  ამ კლინიკისთვის პრიორიტეტულია მოხდეს რაც შეიძლება კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება. კონკურსი იქნება მაქსიმალურად ღია და ობიექტური. რაც მთავარია, ყველა კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეყოლება უმცროსი კოლეგები,  რეზიდენტები, ექიმის თანაშემწეები. თსსუ მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის ძირითადი ბირთვი უნდა იყოს დაკავებული პედაგოგიურ პროცესში, აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს  პედაგოგიური მოღვაწეობის აუცილებლობა. ჰირანის ფირმის აპარატურა უცხო არ გახლავთ ქართველი ექიმებისთვის,  ეს ფირმა ყოველთვის ავტორიტეტული  ბრენდი იყო საბჭოთა ქვეყანაში...  მაგრამ ის მიღწევები, რაც სადღეისოდ აქვს ფირმას ახალი, მაღალი დონის ხელოვნური სუნთქვის აპარატურის თვალსაზრისით, მართლაც მოულოდნელია და აღფრთოვანებას იწვევს.

  იანო პოპულაკმა და პიტერ იშტონამ დეტალურად აუხსნეს ტრენინგის მონაწილეებს ხელოვნური სუნთქვის აპარატის მუშაობის ყველა ნიუანსი, ესაუბრნენ საჭირო უნარ–ჩვევებზე.  აუდიტორია დიდი ინტერესით უსმენდა მათ. სტუმრებმა საქმიანი საუბრის მიღმა ისიც გაიხსენეს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს დიდი მეგობრობის ისტორია აქვთ და ქართულ–სლოვაკური ფილმი „რაჭა ჩემი სიყვარული“ დღესაც ძალიან პოპულარულია მათ სამშობლოში. მათ იმედი გამოთქვეს, რომ მეგობრობა და თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება და ორმხრივად სასარგებლო იქნება ყველასთვის.