2 ოქტომბერს ფარმაციის დღე და აკადემიკოს ქუთათელაძის დაბადებიდან 127 წლისთავი აღინიშნა

2014 წლის 2 ოქტომბერი განსაკუთრებულად აღნიშნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. ეს დღე ქართული ფარმაციის დღედ არის სახელდებული და ამავდროულად დიდი მეცნიერის იოველ ქუთათელაძის დაბადების დღეც გახლავთ. მისი სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი წელსაც გამოეხმაურა ამ მნიშვნელოვან თარიღს. როგორც ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნანა გორგასლიძემ აღნიშნა, „აკადემიკოსი იოველ ქუთათელაძე 1887 წელს დაიბადა და მთელი თავისი მოღვაწეობის პირველი პერიოდი რუსეთში გაატარა. მას მერე, რაც თბილისში პირველი უნივერსიტეტის დაარსების ეროვნულ საქმეს ჩაეყარა საფუძველი, ივანე ჯავახიშვილმა დაჟინებით მისწერა იოველ ქუთათელაძეს, ჩამოსულიყო და ფარმაციის სწავლებას ჩადგომოდა სათავეში. მანაც   თავი ვალდებულად ჩათვალა, ჩამოსულიყო საქართველოში. ჯერ ფარმაციის ფაკულტეტის, შემდეგ – ინსტიტუტის შექმნაში აქტიურად ჩაერთო. 1963 წლამდე ამ სამეცნიერო ინსტიტუტში მოღვაწეობდა კიდეც. სწორედ ამ დღეს აღვნიშნავთ ინსტიტუტში“.  

დარბაზში შეკრებილ თანამშრომლებს ქალბატონმა ნანამ კიდევ ერთხელ მიულოცა ფარმაციის დღე. იოველ  ქუთათელაძის ღვაწლზე ისაუბრა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ ბადრი ტაბიძემ.

ამაგდარი მეცნიერი გაიხსენა პროფესორმა მერი ალანიამ. თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა თამუნა კვარაცხელიამ მადლიერება გამოხატა სტუდენტების სახელით, რომ საშუალება მიეცა, გაცნობოდა იოველ ქუთათელაძის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, იმ საქმეს, რომელსაც ასეთი თავდადებით ემსახურებოდნენ და ემსახურებიან მეცნიერები. სტუდენტებს არ ავიწყდებათ პროფესორ ნანა გორგასლიძის სიტყვები, რომ ფარმაცია მარტო აფთიაქი არ არის, ეს არის შრომა მეცნიერებაში, ამიტომ უნდა ვიცოდეთ,  ვინ ჩაუყარა საფუძველი, ვინ აგრძელებს ამ ტრადიციას.  სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მთავარია, ასეთი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი არსებობს და შესანიშნავი ბაზაა სტუდენტებისთვის.

2 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს გადაწყვეტილებით ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს თანამშრომლები: დალი ჭანტურია, მანანა ჯორბენაძე, თემურ ჩხიკვაძე, მერაბ მახაშვილი და იოსებ ბალახაშვილი.

ფარმაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი ჯილდოები გადასცეს: პროფესორ ალიოშა ბუკურიძეს, პროფესორ  რომან მახარაძეს, პროფესორ ვაჟა ერიაშვილს, პროფესორ  ჯუმბერ კუჭუხიძეს, მადონა ჯორჯიკიას, ლამარა სანადირაძეს და ჯემალ მონიავას.

დასასრულ, იოველ ქუთათელაძის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს იოველ ქუთათელაძის ძეგლი.