უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ რონალდ ბლეისის ლექციები თსსუ–ში

2014 წლის 27 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხა უტრეხტის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის  ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რონალდ ბლეისმა.

მან მედიცინის, სტომატოლოგიის და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციათა ციკლი: „ანატომიის საფუძვლები“,  „თავის ქალის და ყბის სახსრის ანატომია“, „თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სისტემა“ და „მენჯის ღრუს ანატომია“.

ლექციების დასასრულს პროფესორი რონალდ ბლეისი შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. შეხვედრას  ესწრებოდა ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა ჰოლანდიელ კოლეგას მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისთვის, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცხრა სტუდენტმა სტაჟირება გაიარა უტრეხტის სამედიცინო ცენტრის ანატომიის დეპარტამენტში. მხარეებმა ისაუბრეს მომვალი ურთიერთთანამშრომლობის  გეგმებზეც.