იაპონიის, ჰოლანდიისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიმართულებით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მიზნისკენ – იყოს ლიდერი არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც და სულ უფრო დაუახლოვდეს განვითარებულ ქვეყნებში არსებულ სწავლების დონეს. საქმე საქართველოში ტრანსპლანტაციის განვითარებას ეხება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მისი პარტნიორი კლინიკა – „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“, ერასმუსის საუნივერსიტეტო კლინიკა (ჰოლანდია) და ნაგასაკის საუნივერსიტეტო კლინიკა (იაპონია) ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტს ერთობლივად განახორციელებენ. რაც მთავარია, ეს არ იქნება მხოლოდ ქირურგიული ოპერაციებით შემოფარგლული პროექტი და კიდევ არაერთ საინტერესო და სასარგებლო წინადადებასაც შესთავაზებს თსსუ–ის სტუდენტებს, პროფესიონალ ექიმებს და ცხადია – პაციენტებს.

2014 წლის 6 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ პროექტის და სამომავლო გეგმების შესახებ სასაუბროდ ეწვივნენ: პროფესორი მიცუჰისა ტაკაცუკი (ნაგასაკის საუნივერსიტეტო კლინიკა,იაპონია), თსსუ–ის მოწვეული პროფესორი კობა კუპრეიშვილი (ერასმუსის საუნივერსიტეტო კლინიკა, ჰოლანდია), „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური დირექტორი, პროფესორი გოჩა ინგოროყვა და თსსუ–ის პროფესორი ბაადურ მოსიძე. სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  უფროსი, პროფესორი ია ავალიანი.

სტუმრებმა ისაუბრეს ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების დაწყებაზე საქართველოში. როგორც პროფესორმა ბაადურ მოსიძემ აღნიშნა,  ნაგასაკის საუნივერსიტეტო კლინიკას აქვს გამოცდილება განვითარებად ქვეყნებში ტრანსპლანტაციის ცენტრის დაარსებისა და ამუშავების. პროფესორი ტაკაცუკი ღვიძლის მულტიორგანული ტრანსპლანტაციის განყოფილების ხელმძღვანელია ნაგასაკიში. მისი ხელმძღვანელობითა და იაპონიის, ჰოლანდიის და საქართველოს მხარეების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც საფუძველს დაუდებს საქართველოში მომავალში მულტიორგანული ტრანპლანტაციის განვითარებას.

პირველი ოპერაცია – ღვიძლის ტრანსპლანტაცია წლის ბოლომდე ჩატარდება.

პროფესორმა გოჩა ინგოროყვამ ვრცლად ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის და თითოეული პაციენტისთვის.

როგორც კობა კუპრეიშვილმა აღნიშნა, ჰოლანდიის ერასმუსის უნივერსიტეტი უდიდეს სამუშაოს ასრულებს ამ პროექტის განხორციელებისთვის და მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ მიმართულებით.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ყველა პროექტი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომელიც ქვეყანას და თითოეული სტუდენტის მაღალი რანგის პროფესიონალად ჩამოყალიბებას გაუწევს სამსახურს, ამიტომ თსსუ ყველაფერს იღონებს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.