ზაფხულის სკოლა–სტაჟირების გავლის შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

 2014 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ზაფხულის სკოლა–სტაჟირების გავლის შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა სტუდენტს მონაწილეობისთვის და პარტნიორ კლინიკას – მეტად საჭირო თანამშრომლობისათვის. მან აღნიშნა, რომ უკვე სამი წელია, რაც ტარდება საზაფხულო სკოლა–სტაჟრებები და საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს. სტუდენტთა დაინტერესება იზრდება. პროფესიული უნარ–ჩვევების დაუფლების შესაძლებლობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი მედიკოსებისთვის. რექტორმა მიმართა სტუდენტებს წინადადებით, მოეწოდებინათ შენიშვნები და წინადადებები ამ პროექტის განხორციელების თაობაზე. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ისინი მიესალმებიან მსგავს სკოლა–სტაჟირებებს და სურვილი აქვთ მოეწყოს ზამთრის არდადეგების განმავლობაში ზამთრის სკოლა–სტაჟირებაც.

სტუდენტებს ზაფხულის სკოლა–სტაჟირების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ვიცე–რექტორმა გიორგი აბესაძემ: ადრე თუ მხოლოდ თერაპიის, ქირურგიის და მეან–გინეკოლოგიის მიმართულებით შეეძლოთ სტუდენტებს სტაჟირების გავლა, ახლა ეს ჩამონათვალი ძალიან გაიზარდა. თსსუ–მა გაითვალისწინა სტუდენტების ინტერესი სხვადასხვა მიმართულებით სტაჟირების გავლის მიმართ. წელს ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა მიიღო 375–მა სტუდენტმა, მათ შორის: მედიცინის ფაკულტეტის – 221–მა, სტომატოლოგიის ფაკულტეტის 58–მა, ჯანდაცვის ფაკულტეტის – 71–მა და ფარმაციის ფაკულტეტის 70–მა სტუდენტმა. მათ უნდა წარმოედგინათ დღიურები, რის საფუძველზეც უნივერსიტეტი მოამზადებდა სერტიფიკატებს მათთვის. როგორც აღმოჩნდა სტუდენტების ნაწილმა ვერ შეძლო დღიურების წარმოდგენა, ამის გამო სერტიფიკატები გადაეცათ: მედიცინის ფაკულტეტის 160 სტუდენტს (მონაწილეთა 72,7%), სტომატოლოგიის ფაკულტეტის 47 სტუდენტს (მონაწილეთა 81%), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 60 სტუდენტს (მონაწილეთა 84%) და ფარმაციის ფაკულტეტის 70–ვე სტუდენტს (მონაწილეთა 100%).

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ: რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია და მთავარი სპეციალისტი მიხეილ დიაკონიძე.