თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გროდნოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ეწვია

2014 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია გროდნოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (ბელორუსია) რექტორი, პროფესორი  ვიქტორ სნიჟინსკი.  მას ახლდნენ  უშუალო მასპინძლები, „ეპიდ დეველოპმენტის“ წარმომადგენლები: იოსებ კვირცხალია და გია შერაძე. სტუმრებს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

როგორც პროფესორმა ვიქტორ სნიჟინსკიმ აღნიშნა,  მათ დიდი სურვილი აქვთ თსსუ–სთან ურთიერთობისა, მით უმეტეს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ბევრი რამ აქვს ისეთი, რისი გათვალისწინებაც ძალიან წაადგება გროდნოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

სტუმარმა დეტალურად აღწერა სწავლების და ჯანდაცვის სისტემები ბელორუსიაში.

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ასევე დაწვრილებით გააცნო მას ჩვენი უნივერსიტეტის მიღწევები და აღნიშნა, რომ მომავალი ურთიერთობები ორმხრივად საჭირო და სასარგებლო იქნება.

შეხვედრის დასასრულს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა მომავალ თანამშრომლობას ორ წარმატებულ უნივერსიტეტს შორის.