მედიცინის ფაკულტეტის V კურსის წარჩინებულ სტუდენტებს აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სახელობითი სტიპენდია დაენიშნათ

2014 წლის 6 ნოემბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პარტნიორი ელგუჯა გოცირიძე და განვითარების დირექტორი იაგორ კალანდაძე. წელს  ბატონმა ელგუჯა გოცირიძემ მედიცინის ფაკულტეტის ორი მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტისთვის  აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სახელობითი 200 ლარიანი სტიპენდია დააარსა. 6 ნოემბრის ვიზიტის მიზანი იყო 2014 წლის სტიპენდიატი მეხუთეკურსელების გაცნობა.

უნივერსიტეტის სტუმრებს, წარჩინებულ სტუდენტებს: მირიან ჯინჭველაშვილსა და გიორგი ღოღობერიძეს,  მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თინათინ ჩიქოვანს  შეხვდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე.

როგორც რექტორმა აღნიშნა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის წარმატება. მან მადლიერება გამოხატა ბატონი ელგუჯა გოცირიძის მიმართ, გაწეული თანადგომისათვის. თსსუ–სთვის უმნიშვნელოვანესია ასეთი მხარდაჭერა, რომელიც გაზრდის სტუდენტთა მოტივაციას და რაც მთავარია, დადებითად აისახება მათ მომავალზე.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სტუდენტებისთვის, ვართ ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელსაც საკუთარი სახსრებიდან აქვს გამოყოფილი სასტიპენდიო თანხა და პრეზიდენტისა და სახელობითი სტიპენდიების გვერდით, უნივერსიტეტის სტიპენდიასაც უნიშნავს სტუდენტებს. ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა თქვენ მიერ დანიშნული სახელობითი სტიპენდია“, – განაცხადა შეხვედრაზე კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ.

ბატონებმა ელგუჯა გოცირიძემ და იაგორ კალანდაძემ საქმიანი წინადადებით მიმართეს სტუდენტებს და აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში  მათთვის საინტერესო მიმართულებით მუშაობა შესთავაზეს.

როგორც პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს შეთავაზება ძალიან სერიოზული განაცხადია და მარტო მათზე კი არ აისახება დადებითად, ვინც ამჟამად არის მიწვეული სამუშაოდ, არამედ სხვა სტუდენტების მოტივაციასაც გაზრდის.

აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს თსსუ–ის სტუდენტთა მონდომებასა და წარმატებას და ხაზი გაუსვეს, რომ მათზეა დამოკიდებული მედიცინის ხვალინდელი დღე საქართველოში, ამდენად, სტუდენტებისთვის მიცემული წინადადება ორმხრივად საინტერესო და სასარგებლოა.