თსსუ–ის სახალხო ანსამბლი 30 წლის გახდა

2014 წლის 15 ნოემბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახალხო ანსამბლს დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, თსსუ–ის წითელ დარბაზში საიუბილეო კონცერტი გაიმართა. კონცერტს ესწრებოდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზაზა ტალახაძე, სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ზაურ ფხალაძე, თსსუ–ის სახალხო ანსამბლის არაერთი თაობის წარმომადგენლები  და მისი განუყრელი მოამაგე და ქომაგი ბადრი მაჭავარიანი (თსსუ კურსდამთავრებული, ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, იტალიის კულტურის პრემიის მფლობელი, იუნესკოს 2 კომიტეტის წევრი).

საღამოს განმავლობაში უამრავი თბილი სიტყვა ითქვა, გაიხსენეს ანსამბლის დაარსების პირველი დღეები და ის მოცეკვავეები თუ მომღერლები, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს აღარ არიან ჩვენ გვერდით, აჩვენეს ძველი კადრები...

სცენაზე ანსამბლის ახალ თაობასთან ერთად იდგნენ ძველი თაობების წარმომადგენლები. როგორც დასაწყისში ღიმილით განაცხადეს წამყვანებმა: ექიმები ცეკვავდნენ, მღეროდნენ და სულ არ ხუმრობდნენ...

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახალხო ანსამბლს უამრავი მეგობარი ჰყავს ევროპაში. მათი გულითადი მილოცვები, რომელიც სცენიდან გაისმა, კიდევ უფრო თვალნათელს ხდიდა, რომ ჩვენი ანსამბლი გასცდა საზღვრებს და სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქართული ფოლკლორის სახე სავიზიტო ბარათად აქცია უცხოეთში.

ყველაზე მთავარი განცდა, რაც  საიუბილეო საღამომ დატოვა მაყურებელში, ის გახლდათ, რომ თსსუ იყო, არის და რჩება საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც მაღალპროფესიონალ მედიკოსებს ჰარმონიულ ადამიანებად აყალიბებს. ისინი გარე სამყაროში თსსუ–ის დესპანები არიან და პროფესიული წარმატებების გვერდით წარადგენენ თავის სულიერ დახვეწილობასა და ეროვნულ თვითშეგნებას.

სცენაზე იდგა საქართველო! – ეს განაცხადია, რომელიც თსსუ–ის სახალხო ანსამბლმა თავისი არსებობის 30 წლის შემდეგ, როგორც საქმიანობის გვირგვინი, ისე წარუდგინა მაყურებელს.