სტუდენტთა საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს ამ თარიღს. წელს 17 ნოემბერი თსსუ–ში ტელეკომპანია რუსთავი 2–ის  დილის გადაცემაში ჩართვებითა და სისხლის უანგარო გაღების აქციით დაიწყო.

სტუდენტებსა და ტელემაყურებლებს მიესალმა თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია: ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.
1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და  პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა დააპატიმრეს ათობით სტუდენტი. 17 ნოემბერს, დილით ადრე, ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს,  ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.
ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.
საქართველოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე პირველად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ აღნიშნა 2009 წელს და მას შემდეგ ტრადიციულად მრავალფეროვნად და საინტერესოდ აღინიშნება. გილოცავთ ამ დღეს სტუდენტებო!

17 ნოემბრისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა პროგრამაზე ისაუბრა თსსუ–ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ.

უნივერსიტეტის ფოიეში მოწყობილი იყო სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, ეზოში უცხოელმა სტუდენტებმა ფლეშ–მობი მოუმზადეს თანაუნივერსიტეტელებსა და სტუმრებს. პარალელურად მიმდინარეობდა სისხლის უანგარო დონაცია და სისხლის გამღებთა რიგში პირველი თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია გახლდათ.  თსსუ–ის სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა  ოთარ აბესაძემ.

სტუდენტებმა მოაწყვეს სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები: ჩემპიონატი მკლავჭიდში, ნარდში,   ჭადრაკში, შაშში, მაგიდის ჩოგბურთში,
მატჩები კალათბურთში, დოჯბოლში, ფრენბურთის ფინალი.
გაიმართა შეხვედრა „რა? სად? როდის?“

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს,  ეს დღე მათთვის გამორჩეულად საპასუხისმგებლო და ამავდროულად საინტერესოც იყო.