თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ირმა მანჯავიძის ვიზიტი ერევანში

2014 წლის 13-14 ნოემბერს, თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე მ. ჰერაცის სახელობის ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მ. ნარიმანიანის მიწვევით იმყოფებოდა სომხეთში, ტრენინგის -“სამედიცინო სიმულაციების სასწავლო ცენტრის მართვა”  ჩასატარებლად.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ირმა მანჯავიძემ დაათვალიერა ახლად ჩამოყალიბებული სიმულაციური ტრენინგ–ცენტრი, გაეცნო სიმულატორების შესაძლებლობებსა და მეცადინეობის ჩატარების სპეციფიკას. ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტის სიმულაციური ცენტრის დირექტორთან სურენ ჰოვანესიანთან და  აკადემიური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ასოცირებულ პროფესორ არამ ბაიკოვთან შეხვედრისას განიხილეს სიმულაციურ ცენტრში პრაქტიკული  მეცადინეობის ჩატარების შესაძლებლობები და სამედიცინო განათლების პროცესში იმპლემენტაციის საკითხები. 

ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტში  ჩატარებულ ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ სიმულაციური ცენტრის თანამშრომლები და მოწვეული პედაგოგები  პროფესორმა ირმა მანჯავიძემ წარადგინა პრეზენტაცია თსსუ-ის კლინკური უნარ-ჩვევების ცენტრის პრაქტიკული გამოცდილებისა და სამედიცინო სიმულაციების სასწავლო ცენტრის მართვის ძირითადი პრინციპების შესახებ. ტრენინგმა დაიმსახურა დადებითი შეფასება.

დაისახა პერსპექტივები სამომავლო თანამშრომლობის, ერთობლივი ინტერნეტ-კონფერენციებისა და  ერთობლივი პროექტის  განვითარების კუთხით.