სტუდენტთა საერთაშორისო დღე დევნილი წარჩინებული სტუდენტებისთვის

სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა საზეიმო შეხვედრა „მაგთი-ჯაზ -კლუბში“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა წარჩინებულმა სტუდენტებმა და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა.

მოწვეული იყვნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელები, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები; მასმედიის წარმომადგენლები.

სტუმრებისათვის მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს საღამო ცნობილმა მომღერლებმა: ნინი წიკლაურმა, სალომე ბაკურაძემ, თიკა მახალდიანმა, თეატრის მსახიობებმა და ბენდმა;

სტუდენტებს მიესალმა ღონისძიების ორგანიზატორი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ულოცავს ჩვენი ქვეყნის მომავალს - სტუდენტ-ახალგაზრდობას სტუდენტთა საერთაშორისო დღეს. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განათლებას დაწაფებული ჩვენი სტუდენტობა არის სწორედ ის პოტენციური ძალა, რომელიც ფეხს აუწყობს მსოფლიოს თანამედროვე დემოკრატიულ ფასეულობებს, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ააღორძინებს ქვეყნის ეკონომიკას, განამტკიცებს მის სუვერენიტეტს და საერთაშორისო ავტორიტეტს“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებულ დევნილ სტუდენტებს მიმართა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან მადლობა მოახსენა აფხაზეთის მთავრობას ამ საღამოს მოწყობისთვის და თითოეულ სტუდენტს – კარგი სწავლისთვის. თსსუ–ის წარჩინებულ დევნილ სტუდენტებს: ნათია უზარაშვილს, ირაკლი ჭაავას, გიორგი სექანიას (მედიცინის ფაკულტეტიდან), დავით ჯავახიძეს (სტომატოლოგიის ფაკულტეტიდან), თამუნა კვარაცხელიას (ფარმაციის ფაკულტეტიდან),  მარი გვარამიას  (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტიდან) და თეონა ჯაკონიას (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან) რექტორმა საჩუქრები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ საჩუქრები თსსუ–ის სტუდენტებმა ,,ლიბერთი ბანკისგან“, კომპანია „ავერსისგან“ და კომპანია „ჯი პი აისგანაც“ მიიღეს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში პირადი ღვაწლისათვის და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისათვის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორები.