მოქმედ ექთნებს სერტიფიკატები გადაეცათ

2014 წლის 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სერტიფიკატები გადაეცათ მოქმედ ექთნებს, რომლებმაც გაიარეს პოსტდიპლომური კლინიკური უნარ–ჩვევების კურსი საექთნო საქმეში.  ეს პროგრამა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრმა დანერგა. ტრენინგის მიზანი გახლდათ მოქმედი ექთნების კვალიფიკაციის ამაღლება, მათთვის მნიშვნელოვანი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება, საკუთარ თავზე მუშაობის საშუალების მიცემა და იმ მაღალი პროფესიული დონის მიღწევა, რომელიც აუცილებელი პირობაა საუნივერსიტეტო კლინიკებში მომუშავე ყველა პერსონალისთვის.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი  ლია ძიძიგური, საორგანიზაციო დარგში კლინიკის დირექტორი – ნანა დათიაშვილი, მთავარი ექთანი ანგელინა კობაჩევა. 

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ თხოვნით მიმართა აუდიტორიას, რომ ყველა შენიშვნა და წინადადება, რომელიც პოსტდიპლომური კლინიკური უნარ–ჩვევების გავლის შემდეგ გაჩნდა, გაეცნოთ თსსუ–ის წარმომადგენლებისთვის. მოქმედმა ექთნებმა საპასუხოდ გულითადი მადლობა მოახსენეს ყველას, ვინც ამ ტრენინგის ჩატარება უზრუნველყო და გამოთქვეს ერთადერთი სურვილი: მსგავსი ტრენინგი სხვადასხვა პროფილითაც ჩატარდეს...

პოსტდიპლომური კლინიკური უნარ–ჩვევების კურსი საექთნო საქმეში მნიშვნელოვანად და აუცილებლად მიაჩნია  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალურ დირექტორს  ლია ძიძიგურს. მან დიდი მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას,  კანცლერს, ბატონ ზურაბ ორჯონიკიძეს,დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ზაზა ბოხუას, კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორს, პროფესორ ირმა მანჯავიძეს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს მედეა ჯღარკავას გაწეული შრომისთვის. „სასურველი იქნება მსგავსი ტრენინგი ჩატარდეს უფრო ღრმა ნოზოლოგიების და პროფილების მიხედვით“, – აღნიშნა მან დასასრულს.

კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა  ირმა მანჯავიძემ აუდიტორიას აუწყა, რომ  კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში ჩატარდა 8 მოდულიანი პროგრამა. 2014 წლის 1 მაისიდან დღემდე ტრენინგი გაიარა 52–მა ექთანმა სამ ნაკადად. ყოველ მათგანს ჩაუტარდა პრეტესტი და პოსტტესტი. შედეგის მაჩვენებელი მართლაც საამაყო იყო.

როგორც ექთნებმა აღნიშნეს,  მათ მართლაც დიდი გამოცდილება შეიძინეს. ტრენინგამდე და ტრენინგის შემდეგ შეფასდა მათი პროფესიული უნარ–ჩვევები და შედეგი  ძალიან თვალნათელი აღმოჩნდა.

როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა  მედეა ჯღარკავამ აღნიშნა, ამ მაღალი შედეგის მიღებაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი პედაგოგებს: ნინო ფუთურიძესა და ნანა ჯიქიძეს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მზად არის კვლავაც იზრუნოს საუნივერსიტეტო კლინიკების პერსონალის პროფესიულ სრულყოფაზე.

პროფესიული ზრდა აუცილებელია ნებისმიერი ექთნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა თითოეული ჩვენთაგანისთვის – მადლიერება გამოხატა კლინიკის მთავარმა ექთანმა ანგელინა კობაჩევამ.

დასასრულს, თითოეულ ექთანს გადაეცა შვიდი სერტიფიკატი გავლილი  მოდულის შესაბამისად.