პირველად საქართველოში ღვიძლის გადანერგვა ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ, საუნივერსიტეტო კლინიკაში

მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ინიციატივით, ნაგასაკის სამედიცინო სკოლას, ERASMUS-ის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების და ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, იაპონელმა ქირურგებმა პროფესორ სუსუმუ ეგუჩის ხელმძღვანელობით, ქართველ ექიმების გუნდთან ერთად, ღვიძლის ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაცია ჩაატარეს.

იაპონელ და ქართველ კოლეგებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, 2014 წლის 9 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივრსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ნაგასაკის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი სუსუმუ ეგუჩი (იაპონია) თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, თსსუ–ის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" გამგეობის თავმჯდომარე, თსსუ–ის პროფესორი ბაადურ მოსიძე, „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური დირექტორი, პროფესორი გოჩა ინგოროყვა და თსსუ–ის მოწვეული პროფესორი კობა კუპრეიშვილი (ERASMUS–ის საუნივერსიტეტო კლინიკა, ჰოლანდია).

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებასა და სამედიცინო მომსახურების სფეროში ულტრათანამედროვე მიმართულებების დანერგვაზე, ასევე, დაისახა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.