პროფესორ სერგო ხუნდაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

2015 წლის 20 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ სერგო ხუნდაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.

კოლეგებმა, მოწაფეებმა და ახლობლებმა გაიხსენეს ქირურგი, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს როგორც პროფესიონალ ექიმსა და პედაგოგს. „ის ქართველ მედიკოსთა დიდი ოჯახის ღირსეული წევრია“,  – აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. ვისაც კი ჰქონდა საშუალება, რომ ბატონ სერგოსთან ერთად ემუშავა, ან მისი მოწაფე ყოფილიყო, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ის იშვიათ ქარიზმას ფლობდა, არაერთი  სირთულე შეხვდა, მაგრამ ისე გაიარა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება, მაღალი ღირსებისთვის არ უღალატია. ამიტომაც არის, რომ პროფესორ სერგო ხუნდაძის  სახელს დიდი პატივისცემით და კდემით ახსენებენ და მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან 17 წელია გასული, მის ხსოვნას  ინახავენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – მომავალ ექიმთა სამჭედლოში.