თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

მიმდინარე წლის 25 მარტს გაიხსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილიანი, 185 საწოლზე გათვლილი სტაციონარი – თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. რომლის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილ, ვიცე–პრემიერი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოსოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თბილისის მერი  დავით ნარმანია,  მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი  ზაზა გაბუნია, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური  დირექტორი  ამირან გამყრელიძე,  საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე და სხვა ოფიციალური პირები. პრემიერ–მინისტრმა კლინიკის შენობა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

„მისასალმებელია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა. გასული 9 წლის მანძილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მძიმე დანაკარგი განიცადა – მას რამდენიმე კლინიკური ბაზა და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეული ჩამოართვეს... პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოს მთავრობის და სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი 25 მილიონიანი პროექტია, საიდანაც დღეს 20 მილიონია ათვისებული. დახარჯულ თანხაში 5 მილიონი საქართველოს ბიუჯეტის წილია.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია – კლინიკაში 600–ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. სტუდენტებს და რეზიდენტებს კი თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ათვისების უნიკალური საშუალება მიეცემათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და ყველა იმ ადამიანსს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტის განხორციელებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  მაღალი შეფასება მისცა თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, აღნიშნა, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს სტუდენტთა განათლების დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენას და კლინიკური გამოცდილების მიღებას, რაც მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი პროფესიონალის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკაში მზადებას გაივლის და პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს დაეუფლება 6000–ზე მეტი ქართველი და 2000–მდე უცხოელი სტუდენტი და ასობით რეზიდენტი. დასაქმდება 600–ზე მეტი სპეციალისტი, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფს არა მარტო თბილისის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას“.

გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, კლინიკის საკონფერენციო დარბაზში, პრემიერ–მინისტრის ინიციატივით და თავმჯდომარეობით,  ჩატარდა საქართველოს მთავრობის კვლევებისა და ინოვაციების  საბჭოს მეორე გასვლითი სხდომა. 

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მეცნიერების განვითარების კონკრეტულ ნაბიჯებზე, მათ შორის, უნივერსიტეტებში არსებული კვლევითი დაწესებულებების ავტონომიურობისა და მეცნიერების სტატუსის განსაზღვრის გზებზე. სხდომაზე ასევე ყურადღება გამახვილდა გეგმაზე, რომელიც უზრუნველყოფს კვლევითი დაწესებულებების ჩართვას უნივერსიტეტების სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში. 

კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს დასრულების შემდეგ, გაიმართა თბილისის სახელმწიფო სსამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომლის მუშაობასაც ლაიტმოტივად გასდევდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნით გამოწვეული საზეიმო განწყობა.

დღის ბოლოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციამ და თანამშრომლებმა უმასპინძლეს მრავალრიცხოვან სტუმრებს.