ესეების კონკურსში „ადამიანის გენომის პროექტი და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები მედიცინაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

 

მიმდინარე  წლის 27 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში  ჩატარდა ესეების კონკურსში – „ადამიანის გენომის პროექტი და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები მედიცინაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. 25 აპრილი არის დნმ–ის საერთაშორისო დღე, რომელიც გენეტიკის მიღწევებს და მის მომავალ ხედვებს ეძღვნება. უკვე 8 წელია, რაც ადამიანის გენეტიკის ევროპის და  აშშ–ს საზოგადოებებმა დააწესეს და აღნიშნავენ ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით, რომელშიც მონაწილეობენ  სტუდენტები მთელი მსოფლიოდან. წელს პირველად, ამ აღნიშვნას საქართველოც შეუერთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების, სტუდენტური სამეცნიერო კლუბი „მეგის“ (მომავალი ეკუთვნის გენეტიკას“ ორგანიზებითა და ინიციატივით და ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების (ESHG) მხარდაჭერით.

თსსუ–ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე აბზიანიძე:   

ესეების კონკურსი ემსახურება გენეტიკაში ცოდნის გაღრმავებას და ასევე,   გენეტიკის დარგის პოპულარიზაციას საქართველოში.  კონკურსის მიზანია დააყენოს სტუდენტი გამოწვევის წინაშე, დააფიქროს გენეტიკური კვლევების როლზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მედიცინის და საზოგადოებისთვის. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის  50–ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. მათ შორის იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტრადიციული და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის, აგრალური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტის" სტუდენტები. გამომჟღავნდა სტუდენტების ნიჭი, შემოქმედებითი უნარი, აზროვნება... ნამუშევრები დაეგზავნათ ექსპერტებს, ყველა ნამუშევარი იყო კოდირებული, ამდენად შედეგები სრულიად მიუკერძოებელი გახლავთ. დიდი მადლობა თსსუ–ის რექტორატს, ივანე თარხნიშვილის სახელობის  სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას, სპონსორებს.

კონკურსში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ საჩუქრები, გამარჯვებულ სტუდენტებს კი ფულადი პრიზებიც. მონაწილეებს გადაეცათ საკუთარი დნმ, რომელიც „მეგის“ წევრებმა გამოყვეს ცერემონიის მიმდინარეობის პროცესში, ყველას თვალწინ.

ესეების კონკურსში გამარჯვებულები გახდნენ:

ქართულენოვანი სტუდენტები:

I  ადგილი – ბექა აროშიძე და კახაბერ ბრეგვაძე

II ადგილი – ანა ქურდაძე

III ადგილი – ნანული გვაზავა

უცხოენოვანი სტუდენტები:

I ადგილი – მანოჯ პრადიპი

II ადგილი – ქეთი ქუტიძე

III ადგილი – თამარ თამარაშვილი, მოჰამედ ამინ ფატიმა ფაზრინი.

ფოიეში გაიმართა პოსტერების გამოფენა–კონკურსი. გამოვლინდა ორი გამარჯვებული.

კონკურსს მაღალი შეფასება მისცეს თსსუ–ის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თემურ ლეჟავამ.  

სტუდენტებმა მადლიერება გამოხატეს ამ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.