იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ვარსკვლავები გაუხსნეს

მიმდინარე წლის  6 მაისს თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ჩატარდა გაფართოებული კრება, რომელსაც დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამსახურის თანამშრომლები, თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები და სხვები.

აუდიტორიას სიტყვით მიმაართა იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნანა გორგასლიძემ.

განვლილი წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები როგორც ფინანსური, ისე სამეცნიერო მიმართულებით წარმოადგინეს ზურაბ ანთელიძემ და მალხაზ გეთიამ. დიდი ინტერესი გამოიწვია GMP-ს საერთაშორისო ექსპერტის გოგიტა დათუკიშვილის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა – როგორ იქნება მომავალში მოდერნიზებული ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის შენობა და როგორი აპარატურით აღიჭურვება ის.

დასასრულს პროფესორმა ნანა გორგასლიძემ ყველა მიიწვია ხეივანში, სადაც ამიერიდან იქნება ინსტიტუტის ღვაწლმოსილი თანამშრომლების ვარსკვლავები. პირველი 8 ვარსკვლავი სწორედ გიორგობას გახსნეს. აქედან ექვსი, 80 წელს გადაცილებული თანამშრომლებისათვის: გენრი დეკანოსიძე, გურამ ცაგარეიშვილი, ვალენტინა ვაჩნაძე, დურმიშხან ტურაბელიძე, გიორგი ერქომაიშვილი და ეთერ ქემერტელიძე. ინსტიტუტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, დიდი დამსახურების გამო, ვარსკვლავი ორ გარდაცვლილი თანამშრომლისთვის – ვლადიმერ ასათიანის და ავთანდილ გოცირიძისათვისაც გაეხსნათ.

ფარმაციის ხეივანში მომავალშიც არაერთი ვარსკვლავი გაიხსნება.