სონოგრაფიული ვიზუალიზაცია – პერიფერიული რეგიონული გაუტკივარების ახალი ეტაპი

 

მიმდინარე წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოეწყო ახალი ულტრასონოგრაფიული აპარატის eZono 4000–ის პრეზენტაცია. ეს სრულიად ახალი ტექნოლოგიაა მედიცინაში, რომელსაც წარმატებით იყენებენ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, პოსტსაბჭოთა სივრცესა და აზიაში კი ჯერ–ჯერობით არცერთ კლინიკას არ აქვს. ამდენად,  თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა არის პირველი, სადაც დაინერგება ეს ტექნოლოგია და შეიქმნება სასწავლო ბაზაც, რომლითაც ისარგებლებენ არა მარტო სტუდენტები, არამედ დაინტერესებული ექიმებიც ამიერკავკასიისა და აზიის ქვეყნებიდან.

პრეზენტაცია გახსნა თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ. მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს  მედიცინაში ფანტასტიკური ცვლილებები მოხდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული ტკივილის მართვის მედიცინაშიც. სხვადასხვა ქვეყნებში ტკივილის მართვის მედიცინა ცალკე სპეციალობადაც არის გამოყოფილი, იმდენად მნიიშვნელოვანია. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მიზანმიმართული ნემსის ვიზუალიზაციის მეთოდსაც, ამიტომაც ასეთი ინოვაციური საშუალება, როგორიც  eZono 4000–ია, მართლაც აუცილებელია მედიცინაში.

როგორც თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა ბოხუამ განაცხადა ,,ამ ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვას ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს– თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაინერგება გერმანელების მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის მოკლევადიანი კურსი. ექიმებს ამ მეთოდის შესასწავლად კონკრეტული მოკლევადიანი ტრენინგი ექნებათ გასავლელი".

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის მიმართულების ხელმძღვანელი სამსონ ქაჯაია აღნიშნავს, რომ თანამედროვე ანესთეზიოლოგიის ყველაზე აქტუალური პრობლემა არის რეგიონული გაუტკივარება. ზოგად ანესთეზიოლოგიასთან შედარებით, ამ მეთოდით იზოგება მატერიალური სახსრებიც და ეს გაცილებით უსაფრთხოც არის პაციენტისთვის. რეგიონული გაუტკივარების ჩასატარებლად იყენებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რენტგენოდიაგნოსტიკას და ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას. უნდა მოხდეს იმ ნერვული წნულის აღმოჩენა, რომელიც გარკვეულ უბანზე ტკივილზე არის პასუხისმგებელი. ნერვის პოვნა შეიძლება ბრმად – ტოპოგრაფიული ანატომიის კარგად ცოდნით და CT, რენტგენის ან სონოგრაფის გამოყენებით. ყველაზე ბოლო სიტყვა მედიცინაში არის ანესთეზიოლოგიური ულტრასონოგრაფი eZono 4000, რომლის აპარატის პრეზენტაციასაც ვახდენთ დღეს.

ულტრასონოგრაფი eZono 4000–ის პრეზენტაცია წარმოადგინა კომპანია eZono–ს გაყიდვების მენეჯერმა კრისტიან ტემბააკმა. ჩატარდა სონოგრაფის მუშაობის  პრაქტიკული ჩვენებაც.