კონფერენცია გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

მიმდინარე წლის 21–22 მაისს გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (უკრაინა) ჩატარდა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე და დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა. კონფერენცია ეძღვნებოდა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ლეონიდ კოვალჩუკის ხსოვნას, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპატიო დოქტორიც გახლდათ.

კონფერენციის დაწყებამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა  გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ კორდა.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდილება რეფორმების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო გორბაჩევსკის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი უკრაინისთვის“, – წერდნენ უკრაინელი კოლეგები ამ ვიზიტის შესახებ.

შეხვედრისას დიდი ყურადღება დაეთმო ექსპერიმენტული და პრაქტიკული მედიცინის სფეროში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შემუშავებას, საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ორგანიზებას სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს.

მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს პროფესორ ლეონიდ კოვალჩუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია დაათვალიერებინეს უნივერსიტეტის მუზეუმში.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ორი პლენარული და ექვსი სექციური სხდომა, რომელსაც 340 მონაწილე დაესწრო, მათ შორის კანადიდან და საქართველოდან.

კონფერენცია გახსნა ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მიხეილ კორდამ.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პრორექტორების სემინარი–თათბირი სამეცნიერო–მეთოდურ ლაბორატორიებში სამედიცინო (ფარმაცევტული) განათლების საკითხების ირგვლივ.