მემორანდუმი ევროპის ქიროპრაქტორთა კავშირსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის

 

მიმდინარე წლის 19 ივნისს  თსსუ–ის აკადემიურ საბჭოზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ევროპის ქიროპრაქტორთა კავშირსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქიროპრაქტორთა კავშირის პრეზიდენტმა, სტინ ოგრე და თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

აღნიშნული მოვლენა, თავისი მნიშვნელობით, თამამად  შეიძლება შევაფასოთ, როგორც საკვანძო, რამეთუ სწორედ ამ მემორანდუმის ხელის მოწერით ჩაეყარა საფუძველი პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე ქიროპრაქტიკის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებას.

ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ბატონ გიორგი გედევანიშვილის (კომპანია "ბენესტარი" დირექტორი) ხელშეწყობით და ევროპის ქიროპრაქტიკოსთა კავშირის უშუალო დახმარებით შემუშავებულ იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროგრამა, რომელიც მოგვცემს საქართველოში დარგის ჩამოყალიბებას საშუალებას.

აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროპელი სპეციალისტები – უმაღლესი კვალიფიკაციის ქიროპრაქტიკოსები. მნიშვნელოვანია ის, რომ მოწვეული სპეციალისტები ასევე  განახორციელებენ ე.წ. "მასწავლებელთა სწავლების" (TOT) პროგრამით.