ინტეგრირებული ოსკის გაფართოებული გამოცდის პილოტირება

მიმდინარე წლის 30 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში განხორციელდა ობიექტურად სტრუქტუირებული  კლინიკური (ოსკის)  გაფართოებული გამოცდის  პილოტირება, რომელსაც დაესწრნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი. 

როგორც კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ აღნიშნა, წელს ოსკის გამოცდის გაფართოება ჰქონდათ მიზნად დასახული. უკვე მეორე წელია, წელიწადში ორჯერ ტარდება ოსკის გამოცდა მეანობა-გინეკოლოგიაში, მაგრამ ამჯერად გაფართოებული ოსკის გამოცდის ნუსხაში ჩაერთო პედიატრიის, შინაგანი მედიცინის და სხვა მიმართულებების სადგურები.

ინტეგრირებული ოსკის პილოტირება წელს თორმეტ სადგურზე განხორციელდა. მათგან ათი იყო აქტიური სადგური: რეანიმაცია – ტრავმის მართვა, ნეონატოლოგია – ახალშობილის შეფასება, გინეკოლოგია, პედიატრიული რეანიმაცია, რადიოლოგიური სადგური, სადაც სიმულაციური ექოსკოპიის აპარატია, (გამოყენებული იყო  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ექოსკოპიის მოდული), აუსკულტაცია, ელექტროკარდიოგრამის გადაღება, არითმიების მართვა მაღალტექნოლოგიური "სიმენის" გამოყენებით, სარძევე ჯირკვლის გასინჯვა და სამეანო გასინჯვა.

გამოცდის შემდგომ ჩატარებული გამოკითხვის დროს პილოტირების პროცესი შეფასდა დადებითად.