თსსუ–ის რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

 

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა  თსსუ–ის მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს. საუბარი შეეხო თსსუ–ში მიმდინარე აკადემიურ პროცესსა და სარეაბილიტაციო–ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ  აქტუალურ საკითხებს.

რექტორმა ვრცლად ისაუბრა სასწავლო პროცესსა და მის სრულყოფაზე, დაწვრილებით მოახსენა აუდიტორიას თსსუ–ის ფინანსური საკითხების, მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.  ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მოუსმინა მათ შენიშვნებს და პასუხი გასცა ყველა შეკითხვას. მან აუდიტორიას განუცხადა, რომ ამიერიდან სტუდენტებს შეეძლებათ,  ნებისმიერი წინადადებით მიმართონ თსსუ–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რის შემდეგაც ინფორმაციას გაეცნობა თავად რექტორი და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე–რექტორები – პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და გიორგი აბესაძე, თსსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, თსსუ–ის ფაკულტეტების დეკანები,  აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

შეხვედრათა ციკლი გაგრძელდება. მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს თსსუ–ის რექტორი შეხვდება მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს, ხოლო 2 ნოემბერს – პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.